ABC News: დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, – ამის შესახებ ABC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მარკო რუბიო

გამოცემის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა და მისი ადმინისტრატორის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავდა. ამ განცხადებიდან მალევე, სააგენტოს ვებგვერდი გაითიშა. ის დღემდე არ არის აღდგენილი.