რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნული ნაკრები 2026 წელსაც ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე არ დაიშვება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რუსი ჰოკეიისტი ივანე ფედოტოვი

„4 თებერვალს ჩატარებული ჰოკეის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაიშვება“, – განაცხადეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაში.

უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ რუსეთის და ბელარუსის ჰოკეის გუნდებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს.

როგორც რუსეთის ჰოკეის ფედერაციის საერთაშორისო საკითხთა წარმომადგენელმა პაველ ბურემ განაცხადა, რუსეთის ჰოკეის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.