საქართველო ახალი დაპირისპირება და დაკავებები სესიის პირველივე დღეს – მოყვება თუ არა პარლამენტის მუშაობის განახლებას დეკემბრის მოვლენების განმეორება

შესვენების შემდეგ, სამშაბათს, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი დონეა” გამოცხადებული. პირველ სხდომას კი მოყვა პირველი აქცია პარლამენტთან, შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და დაკავებები. გასულ წელს საპროტესტო გამოსვლების პიკი სწორედ პარლამენტის ზამთრის სესიას დაემთხვა. რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტის მუშაობის განახლებას ახლაც მსგავსი ეფექტი მოყვეს და უახლოეს პერიოდში კვლავ განმეორდეს გასული წლის დეკემბრის მოვლენები?

სესიის პირველი დღე ხმოსანთა კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის საანგარიშო გამოსვლას დაეთმო.

სხდომა უჩვეულოდ მალე დასრულდა – არ გამართულა დებატები და დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არ უსარგებლიათ.

ამის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები, ძირითადად ჟურნალისტები, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის გეგმებს, „ქართული ოცნება” რვა კანონში აპირებს დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანას. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია და განსახილველად სესაბამის კომიტეტებს გადაეცა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით უკვე განიხილა და 3 თებერვალს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს.

ცვლილებებზე ინიციატივას ოპოზიციისგან და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოჰყვა მწვავე შეფასებები. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ „ეს არის დაანონსებული უკანონობა, რეპრესიები და ძალადობა, რომელიც არ ტოვებს სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის და შეკრება-მანიფესტაციებისთვის”. ზურაბიშვილი კი აცხაედებს, რომ „ოცნებას” „ხალხის შიში იპყრობს”.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ დაანონსებული შეზღუდვები უწყვეტ პროტესტს ვერ შეაფერხებს და პროტესტის ახალ „აფეთქებას” არ გამორიცხავს. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი ფიქრობს, რომ ახალი ტალღა მოსალოდნელი არაა, რადგან ახალი ცვლილებები პროტესტანტებს უკან დაახევინებს.

სესიის პირველი დღე

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა, გარე პროტესტის ფონზე, მიხეილ ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე, დაახლოებით 25 წუთში დასრულდა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან. მათ 10-წუთიანი მიმართვის შესაძლებლობა აქვთ.

„საფრთხე კვალავ მაღალი იქნება, სანამ, ჩემი აზრით, უკრაინაში ომი არ დასრულდება და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, „განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და დიალოგი”.

სრომის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების” და „ხალხის ძალის” წარმომადგენლებს პარლამენტის შენობის დატოვება აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწიათ.

რაც შეეხბა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას, სხდომის დაწყებისთანავე ძალოვნებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის წმენდა დაიწყეს და პროტესტანტებს ტერიტორია დაატოვებინეს, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

„ჩამომიღო შსს-ს თანამშრომელმა, მწვდა თმაში ყურიანად, მომიფრიალა. რატომ მირტყამ-მეთქი და მე არ დამირტყიაო”, – აცხადებს „პუბლიკას” ჟურნალისტი ნათია ლავერაშვილი.

რა ცვლილებებს გეგმავს „ოცნება”

წვრილმანი ხულიგნობისთვის, რისთვისაც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, დაკავებულს კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდება. ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, ამ ცვლილების შემდეგ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე, ან 20 დღემდე პატიმრობას. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე, ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით;

წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში);

ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;

პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

მოსალოდნელია თუ არა პროტესტის ახალი „აფეთქება”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ მორიგი ტალღა მოსალოდნელია, თან ამას გაზაფხულის პერიოდიც ემთხვევა, რა პერიოდიც ბოლო წლებში პროტესტის მხრივ განსაკუთრებულად აქტიური იყო.

„ვფიქრობ ამ ყველაფერს პროტესტის მორიგი აფეთქება მოჰყვება, წესით უფრო მძლავრი, რადგან გაზაფხული მოდის და უფრო მეტი ხალხი გამოვა. ვინც „ქართულ ოცნებას” უჭერდა მხარს, არ მგონია ამ ინიციატივამ გადააფიქრებინოს, მას მერე, რაც მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ ხმა არ ამოუღიათ და არ მგონია ახლა ამაზე რეაცქია ჰქონდეთ.

„მორიგი აფეთქება შეიძლება 28 ნოემბრის მსგავსად დაიწყოს. სხვანაირად „ქართული ოცნება” ჩათვლის, რომ ხალხი დავაშინე და ა.შ. უკვე იმაზე საუბრობენ, რომ „იუესეიდს” პრობლემა შეექმნა და ხალხის რაოდენობა შეთხელდა. ყველაფრის ისე წარმოჩენა უნდათ, რომ თითქოს არავინ დამოუკიდებლად არ მოქმედებს და თითქოს სხვადასხვა ფონდების მეშევეობით საქმიანობენ.

„ე.წ. პარლამენტი ახლა ფოკუსირებულია იმ ე.წ. კომისიის შექმნაზე, რომ ვითომ „ნაცმოძრაობა” ამხილონ და არა საკანონმდებლო საქმიანობაზე. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივას, ამით ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანზე მიდის შეტევა. სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება განხორციელდეს იმ ადამიანის მიმართ, ვინც სახელმწიფო მოხელეს შეურაცხყოფს, მაგრამ რას ჩათვლიან შეურაცხყოფად – მთავარი ესაა. მაგალითად, რომელიმე მოხელეს რომ მიმართო, რომ რაღაც კანონთან დაკავშირებით არ ეთანხმები, არაა გამორიცხული, რომ ეს ჩათვალოს „ოცნების” სასამართლომ კანონდარღვევად.

„ეს ყველაფერი ავტორიტარიზმის მანიშნებელია. პრობლემა უკვე ის კი არაა, ევროპულ კურსს რომ გადაუხვია საქართველომ, აქ უკვე ავტორიტარიზმის საფრთხეა. ფაქტიურად, სახელმწიფო აღარ გვაქვს დღეს. ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ ხელისუფლებაში ყოფნა როგორმე გაიხანგრძლივონ. ჯერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. ეს კი ერთ-ერთი დამატებითი ბერკეტია, რომ მუხტი მინელდეს. მაგრამ ვხედავთ – მაინც გამოდის ხალხი და არ მგონია ამ ცვლილებებმა შეაშინოს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ახალ ტალღას არ ელოდება, მისივე თქმით, კანონს მაშინ იღებენ, არბილებენ და ამკაცრებენ, „როდესაც ქვეყანას სჭირდება”.

„არ მგონია ამით პროტესტის ახალი ტალღა დაიწყოს. რატომ უნდა დაიწყოს? საერთოდ, კანონს მაშინ იღებენ, როდესაც ქვეყანას სჭირდება, მისი შერბილება და გამკაცრება ხდება იმის შესაბამისად, თუ როგორი სიტუაციაა ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ხდება და 26 ოქტომბრიდან მოყოლებული ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები არაფრად აგდებენ კანონს, სახელმწიფოს და უცხოელი პატრონების გამო ცა ქუდად არ მიაჩნდათ და ედამიწა ქალამნად.

„ამიტომაც აუცილებელია, რომ ყველამ თავის დანაშაულზე პასუხი აგოს. პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან პოლიციელი სახელმწიფოს წარმოადგენს. ვინ მისცა ვინმეს იმის უფლება, რომ პირად საკუთრებაში და პირად სივრცეში შეიჭრეს და იქ მიაყენოს შეურაცხყფა?! როგორც ვხედავთ, ბინებში მიდიან, წარწერებს აკეთებენ და ბოლოს და ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ დანაშაულებრივი წარწერებიც გაკეთდა – „მოკალი ქოცი”.ეს რა არის? ეს არის ქვეყნის უმაღლესი კანონის წინაშე უაღრესად დიდი დანაშაული.

„უნდა გამკაცრდეს კანონები და როდესაც სიტიუაცია შესაბამისად იქნება დარეგულირებული და ეს ადამიანები გონს მოეგებიან, ამის შემდეგ დროთა განმავლობაში მისი (კანონების) შერბილება მოხდება”,- განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, რაზე მიანიშნებს ის, რომ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა მალე დასრულდა და უმრავლესობის წევრებს სიტყვით არ უსარგებლიათ, გვენეტაძემ გვიპასუხა:

„მე რომ მკითხო, ძირითადად სიტყვით ოპოზიცია უნდა გამოდიოდეს. პრეზიდენტმა რა განცხადება და მოხსენებაც გააკეთა, ეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობდა. ეტყობა პარლამენტის წევრების მხრიდან სიტყვით გამოსვლების სურვილი არ იყო.

„ოპოზიცია იმიტომაა, რომ ასეთ დროს პარლამენტში შევიდეს და ის კრიტიკული, რაც მას დანახული აქვს, გააჟღეროს. თუმცა, საქმე ისა, რომ ჩვენთან ოპოზიცია ამისთვის მოწოდებული არაა, ჩასაფრებულია და როგორც ყორღანაშვილები და ბერბიჭაშვილები აკეთებდნენ და უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებდნენ, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან. ეტყობა ახლა უცხოეთიდან დაფინანსება მოაკლდათ. ვიცით რა სიტუაცია აშშ-ში, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ევროპაზე. დამერწმუნეთ, ოპოზიცია პარლამენტში სულ მალე შევარდება”, – განაცხადა გვენეტაძემ „რეზონანსთან”.