აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ირანის საკითხზეც და აღნიშნა, რომ როდესაც მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა დასრულდა, ირანი დიდ პრობლემებში იყო, არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“ და მაშინ „ვერ მოხდებოდა 7 ოქტომბერი“.
მისივე თქმით, ირანი ახლა ძლიერია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გახდებიან სუსტები.
„ირანი არ არის სუსტი. ირანი ახლა ძალიან ძლიერია და ჩვენ მათ არ მივცემთ შესაძლებლობას, ბირთვული იარაღი მოიპოვოს. ეს ძალიან მარტივია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე ღაზის სექტორიდან მოსახლეობის არაბულ ქვეყნებში გადაყვანის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ იორდანიისა და ეგვიპტის გარდა სხვა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ პალესტინელები, რომლებიც სამუდამოდ დატოვებენ ღაზას.
„მე ვფიქრობ, რომ ღაზა ახლა ნანგრევების ადგილია. ახლა ღაზაში ცხოვრება შეუძლებელია. ვფიქრობ, სხვა ადგილი გვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.