საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერმა თამუნა კენკიშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ამავე ტელევიზიის ჟურნალისტის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.
„6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსინგზე ვთქვი უარი, რადგან მე ვასკას გულწრფელობაში, უბრალოდ, ეჭვი მეპარება. 28 ან 29 ნოემბერს ვასილ ივანოვჩიქოვანი სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ წინაპირობა უბრალოდ არ ყოფილა, რომ რამის გაშუქებით უკმაყოფილო ყოფილიყო, გავიდა ეთერიდან და აღარ დაბრუნებულა.
სანამ ჩვენ გავიგებდით ამ ამბის შესახებ, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ ვასილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეთერი, მესამე თუ მეოთხე დღეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი შევიდა ეთერში და თქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძე არის ამ არხის პრობლემა.
სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის დაზარალებული ჟურნალისტები და მათ შორის, იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც და მას მამაცობისთვის გადასცა მედალი, რომელსაც არ ვიცი, 7 საათზე რომ დაიხურავდა ქუდს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ის სამსახურში არ ყოფილა. ის ველზე არ ყოფილა. მას გაზი არ ჩაუყლაპავს და ჯილდო მიიღო“, – აღნიშნა პროდიუსერმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.