უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ომით მილიარდობით შემოსავალი და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებულ იარაღზე აქვთ კონტრაქტები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომით გამოწვეული უზარმაზარი მოთხოვნის გამო.
„ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს ასეთი მოთხოვნა. ხალხს ეშინია. ეს უზარმაზარი თანხაა. ამერიკულმა კომპანიებმა მილიონები გამოიმუშავეს ლიცენზიებზეც კი, რადგან მათ ევროპაში ოფისები აქვთ. შესაბამისად, ეს მილიარდობით შემოსავალია. ვფიქრობ, ამ ომმა ზუსტად ეს მოიტანა, ყველაფერ ცუდის გარდა“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პიერ მორგანთან ინტერვიუში.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც უკრაინაში განვითარდა, დასავლეთის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე ფართომასშტაბიანი სახმელეთო ომის გამოცდილება მიიღო – არა მხოლოდ დაზვერვის დახმარებით, არამედ თავად სამხედროებისგანაც, რომლებიც ამერიკულ იარაღს იყენებენ.
„რომელი ამერიკული იარაღი მუშაობს, რა არ მუშაობს, რა არის ეფექტური. ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ დრონები რუსული ტექნიკის, ელექტროგადამცემი ქსელისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, რაც აშშ-ს არ ჰქონდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.