ახალი წესები მედიისათვის – „ოცნებამ“ გადაწყვიტა ხელახლა განსაზღვროს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და მედიის უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალოს

„ქართული ოცნება” მედიის ახალ კანონს ამზადებს, რომელიც ბრიტანულის ანალოგი იქნება. მათივე ცნობით, ამ კანონით განისაზღვრება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება მედიის უცხოური წყაროებიდან დაფინანსება, ოღონდ ეს არ შეეხება კომერციულ რეკლამებს. ამასთან, მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზანი” ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა იქნება. რა ჩაითვლება ამ კანონის მიხედვით კანონდარღვევად მედიისა და ჟურნალისტებისთვის და რა სანქციები შეიძლება დაწესდეს?

„ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ რადგანაც ახალი კანონი ბრიტანულის ანალოგი იქნება, მასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა თუ გაჩნდება, „უნდა მიმართონ ბრიტანეთს, ან მის საელჩოს საქართველოში”. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას” კრიტიკული მედიის გაჩუმება სურს.

„მედიის კანონზე” საუბრისას „ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა დუბაიში მომხდარ ცნობილ ინციდენტს იხსენებს და აცხადებს, რომ ის კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა იგი „გამასამართლეს” – „ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს…”

მისი თქმით, „ბრიტანული კანონი რომ იყოს, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ და თუ დაწერდნენ, შესაბამისი ჯარიმები იქნებოდა”.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, უმჯობესია, თუ მედია ბრიტანულ კანონს შეისწავლის და ამის საფუძველზე მოაწყობს განხილვას, საზოგადოებას ამ კანონის ძირითადი პოსტულატებს გააცნობს – თუ რაში მდგომარეობს, რა სანქციებს შეიცავს და როგორ შეიძლება ის ქართულ რეალობაში განხორციელდეს. ეს კი, მისი თქმით, ნაკლებ სივრცეს დატოვებდა „სხვადასხვა სუბიექტური ინტერპრეტაციებისთვის”.

რას შეიძლება გულისხმობდეს ახალი მედიის კანონი

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული კანონი „არ შეიძლება მედიის შეზღუდვას გულისხმობდესს”, თუმცა, ახალი კანონმდებლობა მსუსხავ ეფექტს მოიტანს გარკვეული მედიასაშუალებებისთვის.

„ბრიტანულ მოდელს ზუსტად არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც მდინარაძემ განაცხადა, ეს ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული კანონიაო, შესაბამისად, ის თავის თავში არ შეიძლება მედიის შეზღუდვას გულისხმობდეს. პირველ რიგში მედია თავისუფალია და როგორ შეიძლება ბრიტანული კანონი რაღაცნაირად მედიის შეზღუდვას გულისხმობდეს? უბრალოდ, ჩვენთან სამწუხაროდ, ცალკეულ მედიასაშუალებები მედიასტანდარტებს საერთოდ არ იცავენ. მოთხოვნა, რომ მედიის მაღალ სტანდარტებს დაემორჩილონ, რომელიც მართალია აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს მხოლოდ იმ კუთხით, რომ დეზინფორმაცია არ გავრცელდეს, ისეთი ინფორმაცია არ მიეწოდოს საზოგადოებას, რომელიც შეიძლება იყოს ნეგატიური პროცესების გამომწვევი, მათთვის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მსუსხავ ეფექტს მოიტანს, რადგან მათ ევროპული მედიასტანდარტებით მუშაობა მოუწევთ, რაც მათთვის მიუღებელია.

მიუღებელი იმიტომ, რომ ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ, მათ ფინანსურ კმაყოფაზე არიან, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ და თუკი ისინი დაიწყებენ ევროპის საუკეთესო პრაქტიკის მეშვეობით მაუწყებლობას, ეს მათ სპონსორებთან, დონორებთან და მათი მფლობელების ინტერესებთან თანხვედრაში რამდენად მოვა? შესაბამისად, ამ კუთხით შეზღუდვები ალბათ ნამდვილად ექნებათ”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისი თქმით, თუ მედიის საქმიანონა კანონთან წინააღმდეგიბაში მოვა, შესაძლოა მაუწყებლობას ლიცენზია შეუჩერდეს, თუმცა ფიქრობს, რომ სიტუაცია აკრძალვამდე არ მივა.

„მედიას შეიძლება შეუჩერდეს მაუწყებლობის ლიცენზია, თუ მან ისეთი ქმედება განახორციელა, რაც, ვთქვათ, კანონთან და ზოგადად მედიის მუშაობის ნორმასთან აშკარად წინააღმდეგობაში მოდის. ანუ სტანდარტებთან შეუსაბამობა შეიძლება გახდეს ლიცენზიის შეჩერების საფუძველი გარკვეულ სიტუაციებში, ოღონდ არა აკრძალვის”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ სტანდარტებად, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ეს ძალიან ფართო თემაა. ეს ისეთი სტანდარტებია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მედია საზოგადოებისთვის იყოს ობიექტური, მიუკერძოვებელი და მან თავისი საქმიანობით ზიანი არ მოიტანოს. ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ხშირად მედიას უწევს ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც, მაგალითად, ვიღაცისთვის სასიამოვნო არაა, ვიღაცისთვის შესაძლოა შეურაცხმყოფელიც იყოს, ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული პრაქტიკაა, თუკი, დავუშვათ, ეს ემსახურება სიმართლეს და ჭეშმარიტების დადგენას და საზოგადოებრივ მაღალ ინტერესს, მაგრამ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დადასტურებული, მართალი უნდა იყოს და არა დეზინფორმაცია. ამაშია საქმე, თორემ, რა თქმა უნდა, მე პირადად, როგორც მოქალაქე და როგორც ყოფილი ჟურნალისტი, მომხრე ვარ, რომ მედიამ შეუზღუდავად გაავრცელოს თუნდაც ძალიან სენსიტიური ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას, ან სინამდვილეს არ შეესაბამება”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

საკითხზე, თუ რამდენად შეიძლება დადგეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი, რა სანქცია შეიძლება შემოიღონ ამის საფუძველზე ჟურნალისტებისთვის და კონკრეტულად რა ქმედება შეიძლება იყოს დასჯადი, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მედია ამ კანონს შეისწავლის და განხილვას მოაწყობს.

„პირველი, რაც მედიამ უნდა გააკეთოს, უნდა აიღოს ბრიტანული კანონი, რომელზედაც დაყრდნობით ამზადებს ახალ კანონს მმართველი პარტია, გამოიტანოს საზოგადოების სამსჯავროზე, საზოგადოებას ამ კანონის ძირითადი პოსტულატები გააცნოს – რაში მდგომარეობს, რას შეიცავს, როგორ შეიძლება ის ქართულ რეალობაში განხორციელდეს და ა.შ. ეს ნაკლებ სივრცეს დატოვებდა სხვადასხვა სუბიექტური ინტერპრეტაციებისთვის, რადგან ბრიტანული საზოგადოება არის ბრიტანული საზოგადოება და ქართული საზოგადოება ქართული საზოგადოებაა.

„ფეიქ ნიუსის” თვითონ სახელი გვეუბნება, რომ ის არის ყალბი ინფორმაცია, რომელიც სიყალბეს სინამდვილედ ასაღებს, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა აქვს და ამას ყველა ებრძვის. დღეს ევროკავშირში „ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლა გამოცხადებულია ერთ-ერთ ამოცანად და ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს ეს?!

„მწვავე კრიტიკა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიჩნიონ „ფეიკ ნიუსად”. მე პირადად ამას ვეწინააღმდეგები, თუმცა კრიტიკა არის დაფუძნებული გადამოწმებულ, სწორ ინფორმაციაზე. თუ ტყუილი თქვა, იჩივლონ სასამართლოში, დაამტკიცონ, რომ ტყუილი თქვა და მერე ამაზე იქნება რეაგირება”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან”.

რას აპირებს მმართველი პარტია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით კი, მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუისა და სიძულვილის გავრცელებას.

„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღებია, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი” საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

„როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი, რასაც შეიძლება შეეხებოდეს ეს ცვლილება, არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებულის საკითხები. თუ ვინმეს ეშინია იმის, რომ თავისუფლად ვეღარ მოახერხებს სიცრუის გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და, შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე იმ ძირითადი უფლებისა, რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება.

„ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან”, – აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ „ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლა იქნება კანონის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

„მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა. ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე აშშ-ის ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებებით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები, თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა.

„მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ „ფეიკ ნიუსებზე”, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს „ფეიკ ნიუსებს”, ამას საქართველოშიც ხშირად ვხედავთ.

„ასე რომ, „ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ, არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს – ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? – მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა ახალ სტანდარტებს გვთავაზობს „ქართული ოცნება” ამ კანონის მიღებით, პაპუაშვილმა განმარტა, რომ „სტანდარტებს დადგენაც არ სჭირდება”.

„საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო და ინფორმაცია გადაამოწმო. მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრი გვეუბნება ამას და არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ამის დაცვა არ ხდება, რადგან არ არსებობს ამის ეფექტიანი დაცვის პროცედურები”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, უფრო გამკაცრებული იქნება თუ არა მედიასთან მიმართებით არსებული კანონები, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არ გამკაცრდება, არამედ იქნება უფრო ეფექტური, რომ დეზინფორმაციამ არ მოატყუოს და დააბნიოს საზოგადოება”.

„არა, იქნება უფრო ეფექტიანი, რომ დეზინფორმაციამ კი არ წალეკოს საზოგადოების ტვინები და დააბნიონ და მოატყუონ ისინი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ მიიღონ ინფორმაცია. საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული და არ იყოს დეზინფორმირებული. ამის უზრუნველყოფას მოახდენს ეს კანონმდებლობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.