ბიზნესები, რომლებიც “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან – განცხადებები

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ მოქალაქეთა პროტესტს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე არაერთი ბიზნეს გაერთიანება და კომპანია გამოეხმაურა. მათი ნაწილი პროევროპულ პოზიციას აფიქსირებს, მთავრობას კონსტიტუციის 78-ე მუხლი ახსენებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას გმობენ. ამასთან, ბიზნესების ნაწილი სხვადასხვა გზით გამოხატავს საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერას, იქნება ეს უფასო ცხელი სასმლის და საკვების შეთავაზება თუ სხვა.

BMG კომპანიების და ასოციაციების განცხადებებს გთავაზობთ. [სიას მუდმივად ემატებიან კომპანიები. მასალა განახლებადია]

13 ბიზნესასოციაცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეულ სამუშაოს და წარმოადგენს ბოლო თვეებში ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პროცესის კულმინაციას.

“ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნის მდგრადი განვითარების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად”, – წერია ერთობლივ განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან: საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო (EUGBC), ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა კომერციული ბანკების ნაწილმა:

“თიბისიმ” განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. ასევე, დაგმო დემონსტრანტებზე ძალადობა.

“თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის”, – აღნიშნულია “თიბისის” განცხადებაში.

ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.

“საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე”, – დაწერა “საქართველოს ბანკმა”.

ბანკმა განცხადებაში ევროპული მომავლის მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მით უმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.

“თეგეტა” (Tegeta)

“თეგეტა ჰოლდინგმა” განაცხადა, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და კრიზისული მდგომარეობა აზიანებს ქვეყნის მომავალს, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დასახულ მიზნებს.

“წინ და წინ, ევროპისკენ!”,- წერია “თეგეტას” განცხადებაში.

“სილქნეტი” და “სილქ როუდ ჯგუფის” კომპანიები

“სილქნეტმა” და “სილქ როუდ ჯგუფის” კომპანიებმა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოხატეს. ასევე, დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას.

არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!”,- აღნიშნულია განცხადებაში.

“მაგთიკომი” (MagtiCom)

“მაგთიკომმა” დაგმო მომიტინგეებზე ძალადობა და განაცხადა, რომ რჩება კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული.

“მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!”,- განაცხადა კომპანიამ.

“ჯეოქეისი” (Geocase)

ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისმა“ დაგმო ყველა ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას.

“საქართველოს ერთიან ევროპულ სივრცეში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია”,- დაწერა კომპანიამ.

“ალტა” (Alta)

პროევროპული პოზიცია დააფიქსირა და ძალადობა დაგმო ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა “ალტა”. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს დგანან.

“ბიდიო საქართველო” (BDO Georgia)

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ განაცხადა, რომ მიუღებლად მიაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. ამასთან, კომპანიამ დაგმო ძალადობა.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუცველ პირებზე თავდასხმა, მათი დევნა, ცემა და სისასტიკე, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიისკენ”,- წერია განცხადებაში.

FAS Group

ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანია FAS Group-ის განცხადებით, მიუღებლად მთავრობის გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს საქართველოს სვლა ევროპისკენ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და აფერხებს მის განვითარებას. ასევე, მკაცრად გმობენ ყოველგვარ ძალადობას მოქალაქეებზე.

“აი სი არ ჯგუფი” (ICR)

“აი სი არ ჯგუფი” მხარს უჭერს საზოგადოების პროტესტს და გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჯგუფი ევროპული ღირებულებების ერთგულებას ადასტურებს.

“ჩვენ ვართ საქართველო – მაშასადამე ევროპა!”,- წერია განცხადებაში.

“საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი” (GTI Alliance)

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დამანგრეველი პოლიტიკა უნდა შეჩერდეს და დაგმო ძალადობა. ალიანსმა პროტესტის ნიშნად, აქცია გამართა სახალხო დამცველის აპარატთან.

“ასოციაცია ქართული ღვინო” (Georgian Wine Association)

“ასოციაცია ქართულმა ღვინომ” დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.

“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია” (SMEDA)

“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია” უერთდება პროტესტს და გმობს ძალადობას დემონსტრანტების მიმართ. ასოციაციის განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებით, ჩნდება საფრთხე დაიკარგოს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

“უნისონი” (UNISON)

სადაზღვევო კომპანია “უნისონი” ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებაში აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. კომპანიამ დაგმო ძალადობას ხალხის ნების წინააღმდეგ.

“საქართველოს ადგილი არის და იქნება ევროპულ სივრცეში!”,- წერია განცხადებაში, რომელიც კომპანიის სახელით, გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ახრახაძემ გააკეთა.

“მუსიკის სახლი” Music House

მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია “მუსიკის სახლმა” ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

“ვერაზე” (Veraze)

ვასილ ბარნოვის 31 მდებარე რესტორანი “ვერაზე” ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ცხელი სასმელებით გაუმასპინძლდება.

“გიმასპინძლებთ ცხელი სასმელებით! გაგიზიარებთ სითბოსა და სიყვარულს!

ერთად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი!

ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის!”,- დაწერა რესტორანმა სოციალურ ქსელში.

კლუბები: BASSIANI, KHIDI, LEFT BANK, MTKVARZE, TBILI ORGIA, TES

თბილისის მსხვილმა კლუბებმა 29 ნოემბერს დაგეგმილი საკლუბო ღამე გააუქმეს და პროტესტს შეუერთდნენ.

“სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უპირობოდ შეუერთდეს დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში”,- აღნიშნულია კლუბების ერთობლივ განცხადებაში.

“დედაენის ბარი” (Dedaena Bar)

საპროტესტო შეკრების მხარდასაჭერად, დაანონსებული ღონისძიება გააუქმა “დედაენის ბარმა” და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

“შავი ლომი”, “ნინიას ბაღი”, “კაფე ლეილა”,”კაკლები”

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დროებით დაიხურა რესტორნები: “შავი ლომი”, “ნინიას ბაღი”, “კაფე ლეილა” და “კაკლები”.

წყარო: bm.ge