ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში სკანდალი მზადდება – რა ბანერი გამოაქვეყნა გახარიამ, რამაც დანარჩენი 3 პარტიის მწვავე რეაქცია მოჰყვა (+ფოტო)

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის – ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს. ხაზარაძე გახარიას პარტიის ქმედებას შეგნებულ თავდასხმას უწოდებს.

„გახარიას პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და „ლელოს“ წინააღმდეგ.

მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით… ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს, თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!“,- წერს ხაზარაძე.

გუშინ, მას შემდე, რაც პარლამენტის 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს ბანერი, სადაც სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის ლიდერები არიან გამოსახული და ნათქვამია, რომ „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია“. მოგვიანებით, ეს ბანერი გამოაქვეყნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, სადაც დამატებული იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების გამოსახულებაც, წარწერით „დარჩენილია 89 ნაცი“.