უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ომის დროს არჩევნების ჩასატარებლად, რადგან ეს „ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია“.
მისი თქმით, არჩევნები ტარდება „ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში“, ასევე აშშ-შიც „არჩევნები ტარდებოდა ომების პიკის დროს“.
„ვფიქრობ, ახლა მათ [უკრაინელებს] არ შეუძლიათ არჩევნების ჩატარება, რადგან ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, მათ – უკრაინელებს – არ შეუძლიათ არჩევნების ჩატარება საომარი მოქმედებების დასრულებამდე“,- განაცხადა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
კით კელოგის აზრით, არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს, რომ „ზელენსკი ახლა უნდა წავიდეს“.
„ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია მზაობა და უნარი, ჩაატარო არჩევნები ომის დროსაც კი“, – დასძინა კელოგმა.