საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის საქონელზე ამერიკული ტარიფების შემოღებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ამერიკის ეკონომიკას ინფლაციის ზრდის გამო.
მაკრონმა ვაშინგტონს მოუწოდა, ევროკავშირთან „სავაჭრო ომის“ დაწყების ნაცვლად, ჩინეთთან დაპირისპირებაზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე და უკრაინის ომზე გაამახვილოს ყურადღება.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების პირველი პრობლემა ჩინეთია.
„ევროპა თქვენი მოკავშირეა და თუ გსურთ, რომ ევროპა მეტად ჩაერთოს ინვესტიციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თუ იმედი გაქვთ განვითარების, რაც, ჩემი აზრით, აშშ-ის ინტერესებშია, არ უნდა დააზიანოთ ევროპის ეკონომიკა ტარიფების მუქარით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბევრ სექტორზე თუ დააწესებთ ტარიფებს, ეს გაზრდის ღირებულებას და აშშ-ში ინფლაციას გამოიწვევს“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.