საბედნიეროდ, ერთი კაცის დიქტატურა არ შედგა-მეთქი, – ვუთხარი ერთ ნაცნობს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. “ვითომ?” – მიპასუხა მან. შედეგების მიხედვით ასეა-მეთქი. “ქოცნებამ” ვერ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. “კანონიერი დიქტატურა” არ შედგა. თუმცა…
თუმცა, ისიც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: “ქოცნებისთვის” და განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ჯობდა, მცირე სხვაობით წაეგო არჩევნები. აეღო არა ნახევარზე მეტი, არამედ ნაკლები, 40-45%-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, ცალკე აღებული “ქოცნება” იქნებოდა პირველ ადგილზე გასული პარტია და მას ამჟამინდელი ოპოზიციური კოალიცია დაუპირისპირდებოდა. კოალიცია, რომელსაც ჩალის ფასი ექნებოდა. ჯერ არაფერი მოუგიათ და, უკვე “ჭამენ” ერთმანეთს; წარმოიდგინეთ, მათ რომ მთავრობის ფორმირება დაეწყოთ, რაოდენ უპასუხისმგებლო და მიუღებელი იქნებოდა მათი ქმედებები. “ქოცნებას” ექნებოდა საშუალება, მშვიდად ეცქირა ამ სანახაობისთვის, სანამ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში იბრძოლებდნენ. მათი რეიტინგი დაეცემოდა, “ქოცნება” კი თავიდან აირიდებდა დასავლეთის სანქციებს (რომლებიც გრძელდება) და საქართველოს იზოლაციას. ივანიშვილს ექნებოდა დემოკრატი მმართველის იმიჯი, რომელმაც მშვიდად მიიღო თავისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხი – დროებითი მარცხი, რაც ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს. ასე მივიდოდა ქვეყანა ახალ არჩევნებამდე (სავსებით შესაძლებელია – ვადამდელ არჩევნებამდე 1 წლის ვადაში) და გაიმარჯვებდა დამაჯერებლად, განსხვავებით 2024 წლის არჩევნებისგან.
სამწუხაროდ, “ქოცნება” წავიდა ვა ბანკ. როგორც ჩანს, დიქტატურისკენ სწრაფვის წყურვილი უფრო ძლიერია. მაგრამ, როგორ უნდა განახორციელონ დიქტატურა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე? – მარტივად, კონსტიტუციის ერთ ადგილზე გამოსმით. ახლა სწორედ ასეთი პროცესები მიდის. საეჭვო ლეგიტიმაციის პარლამენტი (საპარლამენტო შემადგენლობის 2/3-ის ანუ პარლამენტის 100 წევრზე ნაკლები შემადგენლობით პარლამენტის ლეგიტიმაცია ეჭვს ქვეშ დგება, რადგან პარლამენტს თეორიული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისა, ახლა კი ასეთი არ არსებობს), ერთი პარტიის ნება-სურვილს ატარებს და გვარწმუნებს: აი სუვერენიტეტი ეს არის, ჩვენ ხომ აგვირჩიეთ, ჩვენ კი თქვენი სახელით ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენ გვინდა; გავისამმაგეთ ხელფასები, ქვეყანა იზოლაციაში მოვაქციეთ (“არც რუსეთი, არც დასავლეთი”) და ეს არის სუვერენიტეტი. გინდოდათ? – მიიღეთ!
“ქოცნების” ალტერნატივად არსებობს ლიბერასტური ოპოზიცია (სხვაგვარი ოპოზიცია, საუბედუროდ, საკუთარ ტელესტუდიებშია შეყუჟული და ბჟუტურის მეტი არაფერი შეუძლია) და, რასაც მართლა არ ველოდი, ის მოხდა – ჩემი ამჟამინდელი მეგობრების თუ ყოფილი თანამოაზრეების საკმაოდ დიდი ნაწილი “გაქოცდა”, თავის გასამართლებლად ეს აქვთ – “აბა ნაცები გინდაა? აბა ომი გინდაა?” არ ველოდი, რომ ამდენი თითქოს გონიერი ადამიანი, კიდევ ერთხელ მოიტყუებდა თავს ამ პრიმიტიული საკენკით – “ქოცნებას” ალტერნატივა არ აქვს, თორემ “მიშა მოვა”. არადა, ეს უბედური მიშა, მგონი დედამისსაც აღარ უნდა, არა თუ ოპოზიციას. როგორც ჩანს, ზოგიერთი ჩემი მეგობარი და/ან ყოფილი თანამოაზრე ისევ “ქოცებისგან” გადმოგდებულ ლუკმას ელოდება. ადამიანურად გასაგებია, ძალიან გასაგები. მით უმეტეს მაშინ, როდესაც “არქიფომ” საარსებო საშუალება მოუსპო ყველას. ვისაც “უვიზო” ევროპაში იატაკების ხეხვა არ შეუძლია და ბედკრულ საქართველოში დარჩა, “არქიფოს” ხელს უნდა უყუროს, იქნებ, სუფრიდან რამე გადმოაგდოს. საარსებო საშუალების მოსპობას ცდილობენ ჩემთვისაც, ოღონდ, ღვთის ძალის შეწევნით, მე ვერ ჩამძირეს. თორემ შეიძლება, დღეს ეს სტრიქონები არ დამეწერა და მეც რაიმე “მონეიტრალურო საქართველო” დამეფუძნებინა, “არქიფოს” მოწყალების იმედით (ბოდიში, პიროვნულზე რომ გავამახვილე ყურადღება, მაგრამ საილუსტრაციოდ საჭიროა).
ასეა თუ ისე, ეს ფაქტია. გამოდის, რომ ვართ ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემაში. ერთი პოლუსი ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, მეორე კი მთლიანად დასავლური სანქციების იმედად დარჩა. ანტირუსული ნარატივები დასავლეთშიც აღარ მუშაობს (არათუ ჩვენი ქვეყნის შიგნით). ოპოზიციის საბედნიეროდ, “ქოცნებამ” დიდი შეცდომა დაუშვა ჩინეთთან “სტრატეგიული პარტნიორობის” გამოცხადებით. შეიძლება, ამან იმუშაოს მის წინააღმდეგ და აშშ-მ მართლა ქმედითი სანქციები დააწესოს (ინსტიტუციების წინააღმდეგ) და არა ისეთი ნელ-თბილი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს.
პროდასავლურმა ოპოზიციურმა სპექტრმა ქუჩებში სირბილით კი შექმნა კრიზისი, მაგრამ გადამწყვეტ წარმატებას ვერ მიაღწია. რომ წარმოვიდგინოთ, ვითარება ასე გაგრძელდეს, გარდაუვალია ეკონომიკური კრიზისიც. მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. არჩევნებით ვითარება არ გაირკვა, არც ქუჩის მოვლენებით გაირკვა. რჩება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება (ამის ნიშნები უკვე არის, ეროვნულ ბანკს კბილებით უჭირავს ლარის კურსი) და ეს გზა გარდაუვალია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს აღარ დაამატებს არსებულ სანქციებს. “ქოცნება” სიტუაციის გადარჩენას ფიქრობს სამშობლოს მიწების გაყიდვით არაბ და მათ უკან მდგომ თურქ “ინვესტორებზე”, რათა ქვეყანაში ისევ დიდი ფული შემოვიდეს (2022-2023 წლების მსგავსად). არ ვიცი, რამდენად გადასწონის ეს ფაქტორი, ჩინურ “ინვესტიციებთან” ერთად, თან ეს ჯერ არც თუ ისე ახლო მომავლის საქმეა, მაგრამ ეს თუ მოხდა, მეორე, კიდევ უფრო დიდი უბედურება იქნება.
გულბაათ რცხილაძე