ტრამპი: ღაზას სექტორი უნდა განვიხილოთ როგორც უძრავი ქონება, რომელშიც ჩვენ ინვესტიციას განვახორციელებთ

ღაზას სექტორი უნდა განვიხილოთ როგორც უძრავი ქონების დიდი ობიექტი, რომელსაც აშშ შეიძენს, მასში ინვესტიციებს განახორციელებს და განავითარებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დონალდ ტრამპი და ღაზას სექტორი

„თუ არ გვსურს, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორში დაბრუნდეს, ის აშშ-ის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს. შეხედეთ ღაზას, როგორც უძრავი ქონების დიდ ობიექტს. აშშ მას შეიძენს და განავითარებს, არსად გვეჩქარება. და ძალიან მალე ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრამპის მოსაზრება ღაზას სექტორთან დაკავშირებით არის რევოლუციური და კრეატიული. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ამ ხედვის წყალობით ისრაელმა შეიძლება ნანატრ უსაფრთხოებას მიაღწიოს, რომელიც თაობების განმავლობაში შენარჩუნდება.

ტრამპის გეგმის კომენტირებისას „ჰამასის “წარმომადგენლებმა ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს.

„ღაზა არ არის უძრავი ქონება, რომლის ყიდვა ან გაყიდვაა შესაძლებელი. ეს არის ჩვენი პალესტინური მიწის ნაწილი. და ის ისრაელის მიერ არის ოკუპირებული. თუ პალესტინის საკითხის გადაჭრას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით აპირებენ, ეს გეგმა განწირულია“, – განაცხადა „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა იზაათ ალ-რიშკმა.

ღაზას სექტორზე აშშ-ის მიერ კონტროლის დამყარების სურვილის შესახებ დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ღაზას მკვიდრი პალესტინელები სხვა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და რომ „წარმოუდგენელია ვინმეს სურდეს ამ რეგიონში ცხოვრება, სადაც ყველაფერი განადგურებულია“.