ედუარდ კენედი თბილისში – ბრეჟნევი, ძოწენიძე, შევარდნაძე და ა. შ.

1974 წელს, თბილისში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ს სენატორი ედუარდ კენედი თავისი ოჯახით. კენედის საქართველოში ვიზიტის პროგრამის შედგენა და თანხლება მე დამევალა — საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საოქმო-საკონსულო განყოფილების გამგეს, მთავარი მასპინძლობა კი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მწერალ-აკადემიკოსს ირაკლი აბაშიძეს.

ვიზიტის დამთავრების შემდეგ, რომელმაც მაღალ დონეზე ჩაიარა, გავაგრძელე ჩემი ყოველდღიური საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ფიქრი იმაზე, მიმეღო თუ არა იგორ ჩიჩოტკინის შეთავაზება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით.

ჩიჩოტკინი, რომელიც გაეროს ოფისს წარმოადგენდა მოსკოვში, 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწვია თბილისს. მისი მასპინძელი ვიყავი 3 დღის განმავლობაში. მას მოეწონა ჩემი მუშაობა, ინგლისური ენის ცოდნა, მაშინ სისტემატური პრაქტიკის შედეგად ინგლისური ენა, როგორც ლინგვისტები ამბობენ, სამუშაო მდგომარეობაში მქონდა. ბატონ იგორს მოეწონა ისიც, რომ სსრკ კპ წევრი ვიყავი და ოჯახიც არ მყავდა. სწორედ ასეთი ახალგაზრდა მჭირდებაო — მითხრა მან და თბილისში მისი ყოფნის დროს უნდა გამეცა პასუხი, ცხადია დადებითი, შემოთავაზებაზე.

აშშ-ი გამგზავრება, თანაც ხანგრძლივ მივლინებაში არა ერთი, არამედ რამდენიმე წლით, ნებისმიერი დიპლომატისთვის, თუნდაც ცენტრალური აპარატიდან, საოცნებო რამ იყო, თუმცა ჩემთვის სერიოზული დაფიქრების საგანი, ვინაიდან თანხმობის შემთხვევაში თბილისში უნდა დამეტოვებინა დედა — მრავალი წლის განმავლობაში სრულიად მარტო, რაც საგონებელში მაგდებდა.

ბატონ იგორს მადლობა გადავუხადე შემოთავაზებისთვის და ვუთხარი, რომ პასუხს შევატყობინებდი. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ჩიჩოტკინმა სამადლობლო დეპეშა გამომიგზავნა ასეთი შინაარსის: „ვოსხიშჩონ ვამი ი გრუზიეი. ველი თქვენს პასუხს!“

თანხმობის შემთხვევაში, ნიუ-იორკში გამგზავრებამდე, სამთვიანი კურსები უნდა გამევლო სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მოგვიანებით გავიგე სამსახურს, რომელსაც ბატონი იგორი მთავაზობდა სფეციფიური იყო — დიპლომატიური იმუნიტეტით უზრუნველყოფილი და არ შემოიფარგლებოდა დიპლომატიური ხანგრძლივი სამივლინებო სამწლიანი ვადით, უვადო მრავალწლიანი იყო. მრავალი წელი კი აუცილებელი იყო მასპინძელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ს დიპკორპუსთან გაცნობის და ნდობის მოპოვებისთვის. მე მათთვის ახლობელი, ანუ „ჩვენი კაცის“ სახელი უნდა მომეპოვებინა.

ბატონმა იგორმა პირველ დეპეშას კიდევ 2 მოაყოლა, სადაც აღნიშნა, რომ საკითხი შეათანხმა ყველასთან და ელის ჩემს პასუხს. აი, სწორედ ასეთი არჩევნის წინაშე ვიდექი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანმა, ზინაიდა კვაჭაძემ და მინისტრს უთხრა ჭიპაშვილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძე იბარებს და გამოცხადდესო.

ბატონ გიორგის იმავე დღეს ვეახლე. ბატონი გიორგი ძოწენიძე, პროფესიით გეოლოგი, ცნობილი მეცნიერი იყო, საკავშირო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აკადემიკოსი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.

გიორგი ძოწენიძემ მკითხა ფერეიდნელი ქართველების ჩამოსახლების პროცედურის მიმდინარეობის თაობაზე. იმჟამად ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალებოდა და პირველი ნაკადის ჩამოყვანა-დასახლების პროცესს ჰქონდა ადგილი. მე დაწვრილებით მოვახსენე აღნიშნულის თაობაზე. მან გულდასმით მომისმინა და მითხრა — მე, ეს საკითხი მაინტერესებს, მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს ჩემი პასუხი გადავალ თუ არა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში საქმეთა მმართველის მოადგილის თანამდებობაზე.

მოულოდნელმა წინადადებამ გამაოცა, ცოტათი დამაბნია კიდევაც. ძოწენიძემ შემატყო რა დაბნეულობა, მითხრა დავფიქრებულიყავი და პასუხი შემეტყობებინებინა მისთვის 2-3 დღის განმავლობაში.

ჩიჩოტკინის თავსატკივარს, ახალიც დაემატა. და საგონებელში ჩავარდნილს არ ვიცოდი, რჩევისთვის ვისთვის მიმემართა, თუმცა უმალ ძოწენიძის ნათქვამიც გამახსენდა — არვის უთხრა ჩემი შემოთავაზების თაობაზეო.

დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი ტვინის ჭყლეტვა. მეორე დღეს, სამსახურში მისვლისთანავე ისევ დარეკა კვაჭაძემ და თქვა ჭიპაშვილი სამსახურში გამოცხადდეს, გუშინ საღამოს მისი დანიშვნის საკითხი ძოწენიძემ შეათანხმა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სამდივნოსთან, რის შემდეგ ბრძანებასაც ხელი მოაწერაო.

აი, ასე მარტივად, მოულოდნელად აღმოვჩნდი დიპლომატიური სამსახურიდან სრულიად განსხვავებულ სამსახურში — უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილის თანამდებობაზე.

პროფილის შეცვლამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მრავალი წლით ისტორიას ჩაბარდა დიპლომატიური სამსახური, რომელიც საქართველოს მეთაურს შევარდნაძეს გაახსენდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას მიპირებდა და თავი მიკრა საგარეო უწყებაში — საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად.

მკითხველი იკითხავს — რა შუაშია ამ ისტორიასთან აშშ-ს სენატორის ედუარდ კენედის ვიზიტიო. მოგახსენებთ. კენედის ვიზიტის დროს საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა, პროტოკოლის მიხედვით, არ იყო დაგეგმილი. სენატორს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ძოწენიძე იღებდა. ოფიციალური საუბარიც მასთან გაიმართა. პროტოკოლი არ ითვალისწინებდა პარტიის ხელმძღვანელთან შეხვედრას, მით უმეტეს მასთან ოფიციალურ საუბარს. მიიუხედავად ამისა, შევარდნაძეს ჰქონდა სურვილი კენედისთან შეხვედრის და ასეთიც მოეწყო — წეროვანის საბჭოთა მეურნეობაში, რომლის დათვალიერებაც შევთავაზეთ კენედის, მცხეთის ღირსშესანიშნაობათა გაცნობის შემდეგ.

საბჭოთა მეურნეობაში მისულ სტუმრებს, იქვე გამართულ სადილზე შეხვდა შევარდნაძე — მეურნეობაში ვითომ საქმეზე მისული. სადილს ვიწრო წრე ესწრებოდა — შევარდნაძე, ძოწენიძე, აბაშიძე, მეურნეობის დირექტორი, ამერიკელი სტუმრები. სადილზე საუბარს ვთარგმნიდი ქართულიდან, ინგლისურად და პირიქით.

როგორც ჩანს, მაშინ გაუჩნდა ძოწენიძეს უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში ჩემი გადაყვანის სურვილი. თვით ძოწენიძემ იცოდა ინგლისური და როდესაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში დავიწყე მუშაობა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მთავაზობდა სახლისკენ ფეხით გასეირნებას და ინგლისურად ლაპარაკს, რასაც სისტემატური ხასიათი მიეცა.

1974 წლის გაზაფხულზე ძოწენიძეს მოსკოვიდან შეატყობინეს, რომ საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი გეგმავდა ნოვოროსიისკში ჩასვლას —„მალაია ზემლიას“ მოსანახულებლად და თხოვდა ძოწენიძეს იქ ჩასვლას ომის ქართველ ვეტერანებთან ერთად, ვინც „მალაია ზემლიაზე“ იბრძოდა.

საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ისე, როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკის, ერთი თვის განმავლობაში მოსკოვში, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. ამ მორიგეობის დროს, თავმჯდომარის მოადგილე იღებდა მოქალაქეებს, იხილავდა მათ წერილებს, ესწრებოდა სსრკ-ში აკრედიტებული საელჩოების მიერ გამართულ წვეულებებს, როგორც საბჭოთა კავშირის მთავარი წარმომადგენელი, ხელმძღვანელობდა საბჭოთა დელეგაციას საზღვარგარეთის ქვეყნებში. ძოწენიძეს კარგად იცნობდნენ კრემლში და აფასებდნენ, როგორც ღირსეულ მეცნიერს, სახელმწიფო მოღვაწეს.

ნოვოროსიისკში გაფრენის წინა დღეს, ძოწენიძემ მითხრა, რომ მას უნდა წავყოლოდი. ასე აღმოვჩნდი ნოვოროსიისკში. დილით ჩავფრინდით. დაგვხვდნენ. დაგვაბინავეს ნოვოროსიისკის ერთადერთ სასტუმროში, რომელსაც დღევანდელი შეფასებით სასტუმროსაც ვერ დავარქმევთ. ოთხსართულიანი სასტუმრო გათვალისწინებული იყო ხანგრძლივი ცურვის შემდეგ, მცირევადიანი შესვენების დროს, ნაპირზე გადმოსული მეზღვაურებისთვის, მეუღლეებთან შესახვედრად.

ბრეჟნევის ჩამოსვლამდე სასტუმროს სასწრაფოდ ჩაუტარდა რემონტი, თუმცა პატარა ოთახებს და ერთობ დაბალ ჭერს რა ეშველებოდა?

აი, ამ სასტუმროს მესამე სართულზე გამოგვიყვეს ოთახები. ბრეჟნევისთვის მე-4 სართული იყო გამოყოფილი.

ბრეჟნევი დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდა. შემხვედრი ოფიციალური პირები აეროპორტში ადრე მიგვიყვანეს და თვითმფრინავის დაჯდომის წინ ერთ ხაზზე დაგვაყენეს. ტრაპთან ახლოს კი ძოწენიძე და კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელი მედუნოვი მიიყვანეს. ნოვოროსიისკში მთელი დღის განმავლობაში პაპანაქება სიცხე იდგა, მაგრამ თვითმფრინავის ჩამოფრენის დროს წამოვიდა კოკისპირული წვიმა, რომელმაც ძვალ-რბილში გაატარა და ისე დაგვასველა — ყველა ჩვენგანს გაწურვა თუ უშველიდა.

გაიღო თვითმფრინავის კარი და გამოჩნდა გაღიმებული ბრეჟნევი — საწვიმარსა და ქოლგაში. ქოლგა დაცვას ეჭირა ხელში. ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე მან უშუალობით, მისთვის ჩვეულით, ჩაიხუტა ძოწენიძე და 3-ჯერ აკოცა. შემდეგ ყველა დამხვედრს ხელი ჩამოგვართვა და ტრაპთან სიახლოვეს მდგარ ავტომანქანა „ჩაიკაში“ ჩაჯდა ძოწენიძესა და მედუნოვთან ერთად.

მაშინდელი პროტოკოლის მიხედვით, სსრკ-ს პირველ პირს, რეგიონში ჩასვლის დროს იქ არსებული სამთავრობო ავტომანქანა „ჩაიკა“ ემსახურებოდა. სამთავრობო ავტომანქანა „ზილი“ ექსპლუატაციაში არ იყო შესული.

რუსეთის პრეზიდენტის დროს პროტოკოლი შეიცვალა და მისი სხვა ქალაქში ან უცხოეთში ვიზიტისას პერსონალური ავტომობილი, ამჯერად „აურუსი“ პრეზიდენტთან ერთად, მეორე თვითმფრინავით ჩააქვთ ვიზიტის ადგილას. ავტომანქანა სპეცტექნიკით არის აღჭურვილი. ის დაჯავშნულია.

აეროპორტიდან ქალაქამდე ბრეჟნევს ნოვოროსიისკის მოსახლეობა ხვდებოდა — შეძახილებით, ტაშით.

ეს, ის ბრეჟნევი არ იყო, ჩვენ რომ ტელევიზიით ვუყურებდით მოგვიანებით. მე ვიხილე ენერგიით აღსავსე პიროვნება, გაღიმებული სახით, სწრაფად მოსიარულე, სახუმარო განცხადებებით, ბრეჟნევის და თანმხლები პირების სასტუმრო  სამხედროებით იყო შემორკალური. პირველი სარტყელი საზღვაო ფლოტის მეზღვაურების მიერ იყო წარმოდგენილი, მეორე — ადგილობრივი მილიციის, მესამე — სახმელეთო ჯარის ნაწილის, მეოთხე — კგბ-ს მე-9 სამმართველოს ოფიცრების.

მეორე დღის  პროგრამა 8 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ბრეჟნევმა და მასთან ერთად ჩვენც მოვინახულეთ „მალაია ზემლია“, ცემენტის ქარხნის ტერიტორია, სადაც სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, ომის დროინდელი ობიექტები, სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები. დავესწარით კონცერტს, რომელიც ნოვოროსიისკის სტადიონზე გაიმართა მოსკოვიდან ჩამოყვანილი მომღერლების მიერ, მათ შორის იყო ყველასთვის ცნობილი ლევ ლეშჩენკო. საღამოს, სასტუმროს რესტორანში გაიმართა ბანკეტი.

მთელი დღის განმავლობაში ბრეჟნევს გვერდში ჰყავდა თანაშემწე ალექსანდროვი — ტანმორჩილი, გამხდარი, სათვალებიანი კაცი ბლოკნოტით ხელში. ეს, ის ალექსანდროვი იყო, რომლის გვარიც სისტემატურად გვესმოდა ტელევიზიასა და რადიოში — ბრეჟნევის ვიზიტების დროს. ბრეჟნევი, მას და თანმხლებ პირებს დაწვრილებით უყვებოდა „მალაია ზემლიას“ ბრძოლების ისტორიას. ალექსანდროვი გულმოდგინედ იწერდა ბლოკნოტში. იმავე წლის ბოლოს, საბჭოთა მკითხველმა იხილა ბრეჟნევის წიგნი „მალაია ზემლია“, რომელშიც ალექსანდროვის უდიდესი წვლილიც იყო შესული.

მეორე დღის პროგრამის დაწყების წინ საქართველოს დელეგაცია ბრეჟნევმა მიიღო თავის სასტუმრო ნომერში, რომლის დროს „მალაია ზემლიას“ მონაწილე ვეტერანებმა გაიხსენეს ომის პერიპეტიები. გენერალმა ზარელუამ სიცილით გაიხსენა ბრეჟნევისთვის შეთავაზებული ჩაი, რომელშიც შაქრის ნაცვლად მარილი იყო ჩაყრილი. „მალაია ზემლიას“ მებრძოლებისთვის შაქარიც დეფიციტი იყო.

მესამე დღეს, დილით ბრეჟნევის გაცილების შემდეგ, ჩვენი დელეგაციაც გამოფრინდა თბილისში.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

P.S. ფოტო ინტერნეტიდან (“თბილისის პოსტი”, ფეისბუკზე):

სენატორი ედუარდ კენედი ,,დეზერტირების” ბაზარში. 1974 წელი.
ცენტრში – ედუარდ კენედი. წინ – გენერალი ნოდარ მაისურაძე (ალექსი ინაურის მოადგილე), კენედის გვერდით, ჩვენგან მარცხნივ სათვალით – თარჯიმანი, მის წინ – ნინა ჟვანია, მეორე მხარეს, ჩვენგან მარჯვნივ – თბილისის ,,კგბ”-ს უფროსი, პოლკოვნიკი დურმიშხან გაგუა, უკან – პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, მარცხნივ ზედა კუთხეში, ირაკლი აბაშიძის გვერდით, თბილისის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩხიკვიშვილი. უკანა პლანზე თეთრხალათიანი, “დეზერტირების” ბაზრის დირექტორი ჩოხელი.
„დეზერტირების“ ბაზრის დათვალიერება პროგრამით არ იყო გათვალისწინებული. სურვილი ბაზრის ნახვისა სტუმარმა გამოთქვა. მას უბრალოდ აინტერესებდა აღმოსავლური ბაზარი. ბაზრის დათვალიერების შესახებ უმალ ეცნობა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჟვანიას, რომელმაც შეძლო ბაზრის ჯეროვან დონეზე დათვალიერების ორგანიზება.