ტრამპის განცხადებით, ამ კვირაში ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კვირაში უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისაუბრებს. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ უკრაინასა და რუსეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი მალე ეწვევა კიევს. ამის შესახებ Radio Free Europe იუწყება.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

გამოცემამ აღნიშნა, რომ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის ეწვევა კელოგი უკრაინას. თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, ვიზიტი 20 თებერვალს შედგება.

ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა ასევე განაცხადა, რომ კელოგი უკრაინის პრეზიდენტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდება, რომელიც 14 თებერვალს დაიწყება. ამავდროულად, კონფერენციის ფარგლებში შესაძლოა, ზელენსკისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის შეხვედრა შედგეს. გარდა ამისა, მიუნხენში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც ჩავლენ.

„მოკავშირეებს ჩვენს მოლოდინებს გავაცნობთ. როდესაც მიუნხენიდან დავბრუნდებით, გვინდა, პრეზიდენტს შევთავაზოთ ვარიანტები, რათა მან იცოდეს, როგორი იქნება ის, როდესაც სამშვიდობო პროცესში (პირდაპირ) იქნება ჩართული“, – განუცხადა კელოგმა Associated Press-ს.

მისი თქმით, თეთრი სახლი აგვარებდა დიდი ხნის ნანატრი მოლაპარაკებების დეტალებს, რაც ტრამპის მთავარ თანაშემწეებს საშუალებას მისცემს, ომის მიმართ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომის შესახებ გზავნილი პირველად გადასცენ.

„ვიცოდეთ, როგორ მუშაობს პროცესი, ალბათ, ზელენსკისთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბებით და ჯგუფურად განვიხილავთ ამას“, – დასძინა კელოგმა.