ფარხატ მამედოვი – ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობების მიზეზებზე, ირანსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე, ამ შეთანხმებაზე ბაქოს რეაქციაზე, აშშ-სა და სომხეთს შორის გაფორმებულ ქარტიაზე და მასზე აზერბაიჯანის რეაქციაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება აზერბაიჯანს თუ ერევანმა ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლებაზე თხოვნით ვაშინგტონს მიმართა, და რატომ გადიან რუსი მესაზღვრეები ზანგეზურის კორიდორიდან, „ინტერპრესნიუსი“ სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს, ფარხატ მამედოვს ესაუბრა.

ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს

– ბატონო ფარხატ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ბოლო შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა – „რუსეთი და აზერბაიჯანი მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები“.

ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში პრიმაკოვის ფონდის ეგიდით მოქმედი „რუსული სახლის“ ოფისი დახურა.

რა გახდა მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ახლა საკმაოდ დაძაბულია?

– აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია აზერბაიჯანული ავიახაზების ბაქოდან აფრენილი და გროზნოში მიმავალი თვითმფრინავის კატასტროფამ და იმან, რომ მომხდარზე რუსეთის მოქმედება მოკავშირეობის შესაბამისი არ იყო და მას ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია.

ბაქო ვარაუდობდა, რომ მომხდარზე რუსეთს ადეკვატური რეაქცია ექნებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მოსკოვი თავის ბრალეულობას აღიარებდა და დამნაშავეებს დასჯიდა. და ეს მაშინ, როცა ე.წ. „შავი ყუთი“ ნაპოვნი და გაშიფრულია. გაშიფვრის წინასწარი შედეგი ერთ კვირაზე მეტია გამოქვეყნებულია.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია აზერბაიჯანული ავიახაზების ბაქოდან აფრენილი და გროზნოში მიმავალი თვითმფრინავის კატასტროფამ და იმან, რომ მომხდარზე რუსეთის მოქმედება მოკავშირეობის შესაბამისი არ იყო და მას ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია

ცნობილია, რომ აზერბაიჯანულ თვითმფრინავზე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, როცა გროზნოს აეროპორტის ზონაში ამოქმედებული იყო განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც საჰაერო სივრცეში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას გულისხმობს და რის შესახებაც აზერბაიჯანელი მფრინავები ინფორმირებული არ იყვნენ.

გარდა ამისა, ვიცით, რომ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც მასზე დარტყმები რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა განახორციელეს.

აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც მასზე დარტყმები რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა განახორციელეს

– ბაქოში პრიმაკოვის ფონდის ეგიდით მოქმედი „რუსული სახლის“ ოფისის დახურვის მიზეზი რა გახდა?

– შეიძლება ითქვას, რომ თვითმფრინავის კატასტროფაზე რუსეთის არაადეკვატურ რეაქცია იყო მიზეზი იმისა, რომ „რუსული სახლის“ დახურვასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო. რადგან რუსეთი აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის შემთხვევაში არაადეკვატურად მოიქცა და ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის პრინციპები დაარღვია, აზერბაიჯანმაც ზუსტად ისეთი ნაბიჯებით უპასუხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში რუსეთის ყოფნა მომავალშიც შეიზღუდება.

რადგან რუსეთი აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის შემთხვევაში არაადეკვატურად მოიქცა და ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის პრინციპები დაარღვია, აზერბაიჯანმაც ზუსტად ისეთი ნაბიჯებით უპასუხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში რუსეთის ყოფნა მომავალშიც შეიზღუდება

სწორედ ამიტომ იყო, რომ აზერბაიჯანმა ერთი და იმავე დღეს დახურა „როსსოტრუდნიჩესტვოსა“ და ამერიკული USAID –ის ოფისები. ამ გადაწყვეტილებით აზერბაიჯანმა რუსეთი და აშშ ერთი და იმავე კატეგორიაში გაიყვანა. ამ გადაწყვეტილებით ბაქომ მოსკოვს აჩვენა, რომ მოკავშირეობის ის დონე რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო, ფაქტობრივად ნიველირებულია.

აზერბაიჯანმა ერთი და იმავე დღეს დახურა რუსული „როსსოტრუდნიჩესტვოსა“ და ამერიკული USAID-ის ოფისები. ამ გადაწყვეტილებით აზერბაიჯანმა რუსეთი და აშშ ერთი და იმავე კატეგორიაში გაიყვანა

– რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით მოსკოვსა და თეირანს შორის გასულ თვეში ხელმოწერილ შეთანხმებას?

– ეს გახლავთ განახლებული დოკუმენტი, რომელიც უნდა განახლებულიყო იმის გამო, რომ წინა შეთანხმება 20 წლის წინ იყო ხელმოწერილი და მის მოქმედებას ვადა ამოეწურა.

ირანსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, არ ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტატუსის ამაღლებას. ფორმულირებები, რომელიც ამ შეთანხმებაშია მოხვედრილი მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები ვალდებულებების თვალსაზრისით ერთმანეთის მიმართ სიფრთხილეს იჩენენ.

ამის ნათელი მაგალითია ასეთი ფორმულირება – იმ შემთხვევაში, თუ ერთ მხარეს, ან რუსეთს, ან ირანს ვინმე თავს დაესხმება, მხარეები იღებენ ვალდებულებას შეწყვიტონ ამ ქვეყანასთან ურთიერთობები. საერთოდ, ასეთი ტიპის შეთანხმებებში წერენ ხოლმე, რომ მხარეები იღებენ ვალდებულებას დაეხმარონ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმებაში მოხვედრილი ამგვარი ფორმულირება აღმოსავლური ეშმაკობაა. მხარეები არ იღებენ ერთმანეთის მიმართ ზედმეტ ვალდებულებებს.

იმ შემთხვევაში, თუ ერთ მხარეს, ან რუსეთს, ან ირანს ვინმე თავს დაესხმება, მხარეები იღებენ ვალდებულებას შეწყვიტონ ამ ქვეყანასთან ურთიერთობები. საერთოდ, ასეთი ტიპის შეთანხმებებში წერენ ხოლმე, რომ მხარეები იღებენ ვალდებულებას დაეხმარონ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმებაში მოხვედრილი ამგვარი ფორმულირება აღმოსავლური ეშმაკობაა. მხარეები არ იღებენ ერთმანეთის მიმართ ზედმეტ ვალდებულებებს

ამ შეთანხმებაში საუბარია მომავალში სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობასა და რეალიზაციაზე. არადა, ამგვარი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და რესურსი და პოლიტიკური ნება არც რუსეთს და არც ირანს არა აქვთ.

მხედველობაში მაქვს რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთსა და სამხრეთის ერთმანეთთან დაკავშირება და ასე შემდეგ. ეს ის პროექტებია, რომლის განხორციელებაში აზერბაიჯანს შეუძლია თავისი როლის შესრულება. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ რუსეთსა და ირანს შორის ნებისმიერი კომუნიკაცია სამი მარშრუტით შეიძლება განხორციელდეს.

თუ სომხეთს სურს რომ ზანგეზურის კორიდორის თემაზე მისი წინადადებები დააყენოს, პირველ რიგში, სომხეთი უნდა გამოვიდეს 2021 წელს შექმნილი სამმხრივი სახელმწიფოთაშორისო კომისიიდან

პირველი გახლავთ კასპიის ზღვითა და აზერბაიჯანის გავლით ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა. მეორე გახლავთ მათ შორის კასპიის ზღვით ურთიერთობა, მაგრამ, კასპიის ზღვაზე რუსეთისა და ირანის ინფრასტრუქტურა არაა მოდერნიზებული. მესამე გახლავთ კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ქვეყნებთან, ანუ თურქმენეთთან და ყაზახეთთან ურთიერთობა. თუმცა, ამ სფეროში არსებობს თავისი პრობლემები. მხედველობაში მაქვს შესაბამისი მოდერნიზებული სტრუქტურების შექმნის აუცილებლობა

ამიტომ, იმას, რაც რუსეთ-ირანის შეთანხმება სიმპათიურად კი გამოიყურება, მაგრამ, ასეთი ფასადის უკან ძალიან ბევრი პრობლემებია, რომელთა არსებობა აფერხებს იმ მიზნებისა და სურვილების შინაარსით დატვირთვას, რაც ამ ორმხრივ შეთანხმებაშია საუბარი.

– აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებას. ერევანი წინააღმდეგი არაა, მაგრამ, ამბობს, რომ რადგან ზანგეზურის კორიდორი სომხეთის ტერიტორიაა, მასზე კონტროლი სომხეთს უნდა ჰქონდეს.

ვიცით, რომ ბაქო წინააღმდეგი არაა მასზე კონტროლის განხორციელებაში რუსებმა მიიღონ მონაწილეობა.

ერევნის ამ პოზიციას მხარს ირანი უჭერს. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ზანგეზურის კორიდორზე გადის სომხეთ-ირანის სახმელეთო საზღვარი.

რუსეთსა და ირანს შორის ხელმოწერილ ახალ შეთანხმებაში არის რამე ნათქვამი ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით? თეირანის პოზიციაში ცვლილებები ხომ არ მომხდარა?

– რუსეთსა და ირანს შორის შეთანხმებაში ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი.

აზერბაიჯანი ზანგეზურთან დაკავშირებით თვლის, რომ ამ თემაზე სომხეთთან მოლაპარაკებების წარმოებას აზრი არ აქვს, რადგან კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით 2021 წელს შექმნილია სამმხრივი სახელმწიფოთაშორისო კომისია, რომელშიც რუსეთი იღებს მონაწილეობას. ეს კომისია ახლა უმოქმედოა.

თუ სომხეთს სურს რომ ზანგეზურის კორიდორის თემაზე მისი წინადადებები დააყენოს, პირველ რიგში, სომხეთი უნდა გამოვიდეს 2021 წელს შექმნილი სამმხრივი სახელმწიფოთაშორისო კომისიიდან.

აზერბაიჯანსა და ირანს შორის მიღწეულია შეთანხმება რომ საავტომობილო გზით აზერბაიჯანი ირანის გავლით დაუკავშირდება აზერბაიჯანის ნახიჩევანს. ამ წლის ბოლოს დასრულდება ამ გზის მშენებლობა და აზერბაიჯანი შეძლებს გათავისუფლებული ტერიტორიებით დაუკავშირდეს ნახჭევანს

რაც შეეხება ირანს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის მიღწეულია შეთანხმება რომ საავტომობილო გზით აზერბაიჯანი ირანის გავლით დაუკავშირდება აზერბაიჯანის ნახიჩევანს. ამ წლის ბოლოს დასრულდება ამ გზის მშენებლობა და აზერბაიჯანი შეძლებს გათავისუფლებული ტერიტორიებით დაუკავშირდეს ნახიჩევანს.

აზერბაიჯანი თვლის, რომ თუ აზერბაიჯანს სჭირდება რომელიმე კომუნიკაციის საშუალება, იგი ამ კომუნიკაციის ფუნქციონირებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ამ კომუნიკაციის თანამფლობელი

რაც შეეხება რკინიგზით აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის დაკავშირებას, ამაზე ზრუნვას აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში, მას შემდეგ დაიწყებს, საავტომობილო გზის მშენებლობა რომ დასრულდება.

– აშშ-მ და სომხეთმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ.

როგორ შეაფასებდით აშშ-სა და სომხეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას? და რა რეაქცია ჰქონდა მომხდარზე აზერბაიჯანის ხელისუფლებას?

– აშშ-სა და სომხეთს შორის გაფორმდა ქარტია, რომელიც აშშ-ს მხრიდან ითვალისწინებს ვალდებულებების დიდ პაკეტს და სომხეთის მხრიდან მხოლოდ ერთ ვალდებულებას – სომხეთმა კოალიციაში მონაწილეობით უნდა მიიღოს ბრძოლაში ისლამური სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამ ქარტიას ხელი მოეწერა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ამას წინათ აშშ-ში სომხეთის პრემიერი ვიზიტის მიზანი იყო ერევანს თეთრი სახლისთვის დაედასტურებინა ხელმოწერილი ქარტიისადმი ერთგულება.

ერთი ცხადია, ისეთ საჩუქრებს, რომელსაც სომხეთი ბაიდენის მმართველობისას იღებდა, ერევანი უკვე ვეღარ მიიღებს. აზერბაიჯანში დარწმუნებული არიან, რომ აშშ-ს მხრიდან სომხეთისთვის დახმარების მიღების შემთხვევაში სომხეთს გაუზრდიან დახმარების ფასს.

რაც გულისხმობთ ერევნის მეტ პრინციპულობას რუსეთთან მიმართებაში, ასევე სომხეთის ოდბკდან გამოსვლას და ასე შემდეგ. ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს.

 თქვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ნაწილი სამხრეთ კავკასიაში აშშ გეგმებთან დაკავშირებით საკმაოდ თამამ პროგნოზებს აკეთებენ.

მათი აზრით თუ აშშ სამხრეთ კავკასიითა და მათ შორის სომხეთით სერიოზულად დაინტერესდა და ვაშინგტონის მხრიდან გამოითქვა ზანგეზურის კორიდორის ამერიკელების მიერ გაკონტროლების სურვილი და მათ რუსები ჩაანაცვლონ, ოფიციალური ბაქო წინააღმდეგი არ იქნება.

რამდენად საფუძვლიანია აზერბაიჯანულ საექსპერტო წრეებში ამ თემაზე მსჯელობები?

რამდენად შეთანხმებულია ამგვარი მოსაზრებები ხელისუფლებასთან? რამდენად მისაღებია მოვლენათა ამგვარი განვითარება ოფიციალური ბაქოსათვის?

– აშშ-ს არ გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების კონტროლში. მე ვამბობ, როგორც მინიმუმ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანი თვლის, რომ თუ აზერბაიჯანს სჭირდება რომელიმე კომუნიკაციის საშუალება, იგი ამ კომუნიკაციის ფუნქციონირებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ამ კომუნიკაციის თანამფლობელი. ეს ეხება ნავთობსადენსაც, რომელსაც საერთაშორისო კონსორციუმი ოპერირებს და რომელშიც აზერბაიჯანს საკმაოდ დიდი წილი აქვს.

ამგვარი მიდგომა აქვს ოფიციალურ აზერბაიჯანს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობა აზერბაიჯანს 700 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ამ რკინიგზის საქმიანობას კორპორაცია ახორციელებს, რომლის 50% ქართულ კომპანიას ეკუთვნის, ხოლო 50% აზერბაიჯანულს.

სომხეთზე გამავალ მარშრუტზე, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აშშ იქნება, რომელი ქვეყნის ტვირთები იქნება გასატარებელი? ანდობს თუ არა მაგალითად ჩინეთი თავის ტვირთების უსაფრთხოებას ამერიკულ კომპანიას

რაც შეეხება აშშ-სომხეთის ურთიერთობას. სომხეთს შეუძლია გაწყვიტოს კავშირი და ურთიერთობა რუსულ რკინიგზის კომპანიასთან, რომელთანაც ხელშეკრულება მოქმედებს 2036 წლამდე და ამერიკულ კომპანიასთან გააფორმონ შეთანხმება, მაგრამ, რამდენად რენტაბელური იქნება ეს თავად ამერიკისთვის? სხვა საკითხია, რამდენად საინტერესო იქნება ამგვარი რამ აზერბაიჯანისთვის?

ამგვარი პერსპექტივის მესამე კომპონენტია ის, თუ როგორ შეხედავს ამას ირანი და რუსეთი. ეს დეტალები ერევანში უნდა გაითვალისწინონ.

მეოთხე ელემენტია – სომხეთზე გამავალ მარშრუტზე, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აშშ იქნება, რომელი ქვეყნის ტვირთები იქნება გასატარებელი? ანდობს თუ არა მაგალითად ჩინეთი თავის ტვირთების უსაფრთხოებას ამერიკულ კომპანიას.

2025 წლის 1 იანვრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც სომხეთს ირანთან აკავშირებდა, მასზე კონტროლი სომხეთის მესაზღვრეებმა აიღეს

ამ თემაზე საუბრები ძირითადად თეორიულ ხასიათს ატარებს. დღეისათვის ცენტრალური აზიიდან ტვირთების ნაკადი არის, არის სარკინიგზო გზა, რომელსაც ეს ტვირთები ნაწილი შავ ზღვამდე, ხოლო ტვირთების მეორე ნაწილი გადააქვს ბაქო-თბილი ყარსის რკინიგზას.

როგორც გითხარით, ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შენდება საავტომობილო გზა, რასაც შემდეგ წლებში რკინიგზა დაემატება. მაგრამ, ეს ყველაფერი შემდეგ წლებში გადასაწყვეტი საკითხები იქნება.

– აზერბაიჯანელი თქვენი კოლეგების მტკიცებით, ზანგეზურის კორიდორიდან გასვლა აქვთ დაწყებული რუს მესაზღვრეებს.

რამდენად შეესაბამება ამგვარი მტკიცებები რეალობას? თუ ასეა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

– ზანგეზურის კორიდორს უნდა გაევლო ირან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ. 2025 წლის 1 იანვრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც სომხეთს ირანთან აკავშირებდა, მასზე კონტროლი სომხეთის მესაზღვრეებმა აიღეს.

ახლა საზღვრის გასწვრივ განლაგებული არიან სომხეთისა და რუსეთის მესაზღვრეების ნაწილები. გეგმის მიხედვით 2025 წლის ბოლომდე სომხეთ-ირანის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეები სრულად იქნებიან გაყვანილი.

საუბარია იმ რუს მესაზღვრეებზე, რომლებიც სომხეთ-ირანის საზღვარზე 30 წელზე მეტი დგანან.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი