პიტ ჰეგსეტი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი ტრამპის გადასაწყვეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეროგატივაა.

პიტ ჰეგსეტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატოში უნდა გაწევრიანდეს, ან ბირთვული იარაღი უნდა გადაეცეს, რათა მომავალში რუსეთის შეჭრა თავიდან აიცილოს. ამის საპასუხოდ ჰეგსეტმა თქვა: „მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რაღაცა გამოვაცხადო განხილვის გარეშე. ეს ჩემი საქმე არ არის. ეს პრეზიდენტის საქმეა. ის არის ლიდერი, მოლაპარაკებების ოსტატი და შეთანხმებების შემდგენელი“.

მან ასევე დაამატა: „ზოგიერთი ჩვენგანი არის იქ, რათა გარკვეული პირობების ჩამოყალიბებაში დაგვეხმაროს, რაც შეთანხმებას შესაძლებელს გახდის. ეს არის ის, რის გაკეთებაც მე ვცადე აქ, ნატოს კონტექსტში“.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალურია, ამერიკული ჯარი უკრაინაში არ განთავსდება, ხოლო თუ იქ ევროპელი მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან, მათზე ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლი არ გავრცელდება.