როგორც ჩანს, უკრაინის ომის დასრულება ზელენსკის თავიდან მოშორების სპეცოპერაციით დაიწყება

აშშ-ს და რუსეთს შორის უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკრაინის გარეშე წარიმართოს. ეს აღქმა ანალიტიკოსებს და თავად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს საათნახევრის განმავლობაში ელაპარაკა. ამის შემდეგ, ტრამპი ზელენსკის ტელეფონით 1 საათი ესაუბრა, რაზეც ზელენსკიმ უკმაყოფილება ღიად გამოხატა და თქვა, რომ უკრაინის გარეშე სამშვიდობო შეთანხმება გამორიცხულია.

ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ ტრამპმა პუტინს მანამ დაურეკა, სანამ მასთან ისაუბრებდა, რადგან ტრამპს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ორივე პრეზიდენტთან ერთად სურდა  საუბარი. ახლა კი, ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და აშშ მიაღწევენ უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ყინული დაიძრა და ახლა საკითხავია რამდენად შეძლებს ტრამპი „მათრახის და თაფლაკვერის“ პრინციპით მოქმედებას. ალადაშვილი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ტრამპმა პუტინი და ზელენსკი ჯერ მოლაპარაკების მაგიდასთან „მიიტყუოს“ და შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტზე მათგან ხელმოწერები მიიღოს.

„არსებობს უკვე იმის კონტურები, რა შეიძლება აშშ-მ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის პირობებად შესთავაზოს. უკრაინელებისთვის ძალზე მძიმე იქნება იმაზე დათანხმება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთს, ფაქტობრივად, დარჩება მანამდე ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%. თუმცა უკრაინას თავს ზემოთ ძალა არა აქვს და დათანხმება მოუწევს, ისევე როგორც ეს საქართველომ გააკეთა. რაც შეეხება კურსკის ოლქს და მის გარშემო ვაჭრობას, ზელენსკის უნდა, რომ ის ძვირად გაყიდოს, მაგრამ რამდენად გამოუვა ეს, ვნახოთ – ადრე თუ გვიან, მისი დატოვება მოუწევთ.

პუტინი მოლაპარაკების დაწყებისთანავე უსათუოდ მოითხოვს რუსეთისთვის ყველა საერთაშორისო ეკონომიკური სანქციის დაუყოვნებლივ მოხსნას. დაველოდოთ, სამწუხაროდ, არც ისაა გამორიცხული, რომ არჩევნები ვიხილოთ და ზელენსკი, რომელსაც საკამოდ დაბალი რეიტინგი აქვს უკვე და ეს განსკუთრებით სწორედ შეიარაღებულ ძალებში შეიმჩნევა, დიდი ალბათობით, თუ არჩევნები დაინიშნა, პრეზიდენტი ვეღარ გახდება“, – განაცხადა ალადაშვილმა.

for.ge