უკრაინა მზადაა შეერთებულ შტატებთან განიხილოს ყველა საკითხი, მათ შორის ნატოში გაწევრიანება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა არ უყენებს შეერთებულ შტატებს არანაირ პირობებს ტრამპთან შეხვედრისთვის და არ არსებობს საკითხი, რისი განხილვისთვის ის მზად არ არის.
„ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დროს. არანაირი პირობა. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ყველაფერზე – კონტიგენტიდან ნატომდე,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
„დღევანდელი ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი არ არიან მზად ნატოზე სალაპარაკოდ. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინა ნატოში ვერ იქნება“, – აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა არ გამორიცხავს პოზიციის შეცვლას ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.
„გვინდა ვიყოთ ნატოში? დიახ, გვინდა, მაგრამ არა სიტყვა – ნატოს, არამედ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების გამო“, – აცხადებს ზელენსკი.