აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა გააკრიტიკა The Wall Street Journal-ი და აცხადებს, რომ მისი სიტყვები უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნის შესახებ არასწორად გაიგეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა გააკრიტიკა The Wall Street Journal-ი უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ მისი სიტყვების დამახინჯების გამო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

მან სოციალურ ქსელ X -ზე დაწერა, რომ ამერიკული ჯარები არ უნდა იყვნენ საფრთხის წინაშე იქ, სადაც აშშ-ის ინტერესები არ არის.

„ამერიკული ჯარები არასდროს უნდა იყვნენ საფრთხის წინაშე იქ, სადაც ეს ამერიკულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს. ეს ომი არის რუსეთსა და უკრაინას შორის. WSJ-ის მიერ ჩემი სიტყვების დამახინჯება აბსურდულია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რადგან ისინი წლების განმავლობაში ითხოვდნენ უნიფორმაში გამოწყობილი მეტი ამერიკელი ვაჟისა და ქალიშვილის გაგზავნას საზღვარგარეთ, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე“, – წერს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 14 თებერვალს გამოცემა The Wall Street Journal-ი ჯეი დი ვენსთან ინტერვიუზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და თავის ჯარებს უკრაინაში გაგზავნის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებაზე უარს იტყვის.