რუსეთმა ევროპაში დივერსიული აქტების მოსაწყობად 2023 წელს სპეციალური ქვედანაყოფი შექმნა. ამის შესახებ The Wall Street Journal დასავლეთის ქვეყნების დაზვერვებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი მკვლელობებით, დივერსიებით და ჯაშუშობით არის დაკავებული. სწორედ ეს უწყება დგას Rheinmetall-ის ხელმძღვანელზე თავდასხმის და DHL-ის საწყობებში მომხდარი ხანძრების უკან. პრიორიტეტი გერმანიაა, რომელსაც კრემლი „ნატოს შიგნით არსებულ სუსტ რგოლს“ უწოდებს.
დივერსიულ სპეცდანაყოფს სათავეში უდგას გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი ავერიანოვი და გენერალ-ლეიტენანტი ივან კასიანენკო. ავერიანოვი ჩეხეთის მიერ საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით იძებნება, ხოლო კასიანენკო სკრიპალების მოწამვლასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ქვედანაყოფის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას: საზღვარგარეთ დივერსიების და მკვლელობების მოწყობა, დასავლეთის კომპანიებში და უნივერსიტეტებში შეღწევა და უცხოელი აგენტების გადაბირება და მათი მომზადება.