პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოუწვევია, შესაბამისად, არც ახლანდელი რეზოლუციის მიმართ უნდა გვქონდეს განსხვავებული მოლოდინი.
„არალეგიტიმურად გამოცხადება რას ნიშნავს იცით? სულ რომ გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა. მაგალითად, გერმანიამ დახუროს საელჩო და წავიდეს. კი ბატონო, ეს დემონსტრირებაა არალეგიტიმურობის, ისინი არ ცნობენ ამ მთავრობას, მაგრამ არ ხდება ჯერჯერობით ეს. საელჩო მუშაობს, გამოდის ელჩი, დატუქსავს ხოლმე ამ მთავრობას და ამით მთავრდება ყველაფერი.
ევროკავშირი დიდი ხანია მხოლოდ და მხოლოდ მოზომილ ქმედებებზე და შეშფოთებებზეა გადასული. ევროკავშირი არის სამოთხე დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამ სამოთხეს აქვს ერთი მინუსი, მათ დიდი ხანია უარი თქვეს არა მხოლოდ ძალისმიერ პოლიტიკაზე, არამედ უხეშ პოლიტიკაზეც. შესაბამისად, ისინი თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე მკვეთრი ნაბიჯი გადადგან, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ აუცილებლად ამერიკას კითხავენ. დიდი ხანია ისინი ამერიკის გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამენ და ვერ დგამენ იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ იცავს, მოყოლებული მეორე მსოფლიო ომიდან. ეს არის ფასი, რასაც ევროკავშირი იხდის. თუმცა მშვენიერი ფასია – „შენ დამიცავი, მე კარგად ვიცხოვრებ“, ამაზეა საუბარი. ჩვენც ევროკავშირში შესვლა ამიტომ გვინდა.
რადგან ამერიკას არ სცალია საქართველოსთვის, შესაბამისად, ყველაფერი დაპაუზებულია ევროკავშირში. საქართველოსთან მიმართებით სანქციები და სხვა რაღაცები დაპაუზებულია. მეტიც, ბაიდენის დროსაც კი, როცა მისი ადმინისტრაცია გაცილებით უფრო მტრული იყო „ქართული ოცნების“ მიმართ (ტრამპი ჯერჯერობით ამას არ ამჟღავნებს), მაშინაც კი ევროკავშირი სანქციებზე ვერ შეთანხმდა. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.
რეზოლუციას რაც შეეხება, მერამდენე ასეთი რეზოლუციაა? რატომ უნდა იყოს განსხვავებული მოლოდინი მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუციის მერე, როცა არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა მეორესა თუ მესამეს მერე? სალომე ზურაბიშვილი რომც ჩათვალონ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, საქართველოს პრეზიდენტს რა უფლებამოსილებები გააჩნია? ჩათვალონ, რა მერე? იქ რომ შეპირდება რამეს, რომ ჩამოვა როგორ გააკეთებს, რა ბერკეტები აქვს? ეს არის მთავარი შეკითხვა“, – განაცხადა “360 გრადუსში” თორნიკე შარაშენიძემ.