Axios: აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა უკრაინის საკითხზე 18 თებერვალს გაიმართება

აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად სამშაბათს, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Axios სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამავე შეხვედრაზე ასევე განიხილება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სამიტისთვის მომზადების საკითხი.

როგორც Axios წერს, შეხვედრა კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ ეს შეხვედრა უკრაინის ხელისუფლების იმედგაცრუებას იწვევს. უკრაინელი მაღალჩინოსნები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ აშშ-მა და რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის გარეშე დადონ შეთანხმება.

Axios-ის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი. ჯერჯერობით უცნობია, ვინ წარმოადგენს რუსეთს, არსებობს მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის შესახებ.

გამოცემამ აღნიშნა, რომ მიუნხენში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეხვედრაზე მიწვევა არ მიუღია.

ამასთან, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ერთადერთი მიწვევა, რომელიც უკრაინამ მიიღო, „მედიაში გავრცელებული ინფორმაცია“ იყო.

ამავდროულად, ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებში „მონაწილეობას მიიღებს“ . ასევე, გუშინ ვიტკოფმა თქვა, რომ „უკრაინა მოლაპარაკებების ნაწილია“ და დასძინა: „არ ვფიქრობ, რომ საქმე ვინმეს გამორიცხვას ეხება. ეს ეხება ყველას ჩართვას“.