ვგულისხმობ ჩვენს პოლიტიკურ ვითარებაში გამეფებულ ბუნდოვანებას, გაურკვევლობას – ერთი მხრივ, გამოწვეულს გარეშე ფაქტორებით, მეორე მხრივ კი შინაგანი თავგზააბნეულობით და დაბნეულობით. თუმცა ორივე ეს ფაქტორი – გარეშე და შინაგანი, ერთი მეორეში გადადის და ერთმანეთს განაპირობებს.
რა თქმა უნდა, ზნეობრივად ჯანსაღ საქართველოსთან ერთად მეც გავიხარე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მილიარდერმა ილონ მასკმა ე. წ. „დიფ სტეიტის“ („ღრმა სახელმწიფო“) ბნელ საქმიანობას და მოღვაწეობას პირველი დარტყმა მიაყენეს, რითაც დოლარების მიდინება შეუწყდათ სულით და ხორცით გახრწნილ საზოგადოებებსა და გაერთიანებებს (ჩვენთანაც!). ასევე გამახარა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ვენსის, ისტორიულმა გამოსვლამ მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც იგი პირდაპირ დაუპირისპირდა ჩვენს „დიდ მეგობრებს“, ევროპულ ლიბერასტურ ხელისუფლებებსა და ზელენსკის, და მათში ისტერიკები გამოიწვია. ამ მოვლენებმა დიდი ხნის წინათ გულში ჩახვეული წყენა აშშ-ის მიმართ (განპირობებული ჯერ კიდევ შევარდნაძისა და სააკაშვილის ამერიკის მიმართ ქვემძრომობით და, კრიტიკულ მომენტში, საქართველოს ამერიკისგან ბედის ანაბრად მიტოვებით) გამინელა. კვლავ თვალწინ დამიდგნენ დიდი ამერიკელი პოეტები და მწერლები, კვლავ გაცოცხლდა ჩემს მეხსიერებაში რომანტიკული ამერიკული ფილმები, დაუვიწყარი მელოდიით – „როზმარი“, რომელიც თითქოს სათავგადასავლოდ გიწვევს და ხელში „კოლტს“ აგაღებინებს…
ამერიკის პრეზიდენტის ძალისხმევა, როგორც ჩანს, ევროპისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება – ვგულისხმობ ტრადიციულ ფასეულობებზე, ქრისტიანობაზე მიმართული მემარჯვენე პარტიების გაძლიერებას. დასანანი იქნება, რომ ევროპა ისეთივე არ გახდეს, როგორზეც ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, ჟიულ მიშლე წერდა: „ცრემლი, ერთი, ერთადერთი ცრემლი, დაცემული გოტიკური ტაძრის იატაკზე, ღირსი არის მოხსენიებისა“.
როდესაც ამერიკის ახალი ხელმძღვანელობა ევროპის ზნეობრივად ჯანმრთელ ძალებს ყველანაირად მხარს უჭერს, იგი საქართველოზე დუმილს განაგრძობს. რა არის ამ დუმილის მიზეზი? ნუთუ მხოლოდ ის, რომ საქართველო თავისი სიმცირის გამო მისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია იმ პრობლემებთან შედარებით, რასაც მისთვის წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომი, ჩინეთთან ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთი?
ვფიქრობ, აშშ-ის ეს დუმილი გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობრივი პოლიტიკით: ერთ მხრივ, გამოცხადებულია და კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ ევროკავშირში და ნატოში შესვლას ვივალდებულებთ, და რომ ჩვენი გეზი უცვლელია, რომ უკრაინა ჩვენი „მეგობარია“ და ა. შ. მეორე მხრივ, ქვეყნის პრემიერი მეგობრულ ვიზიტებს განაგრძობს ირანში, მეგობრობს ჩინეთთან (ე. ი., რბილად თუ ვიტყვით, ამერიკისთვის არასასურველ ქვეყნებთან), რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე, რომლის „მეგობრობა“ იმით ამოიწურება, რომ გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ, ფარულად აგზავნის ბედოვლათ სააკაშვილს საქართველოში გადატრიალების მოსახდენად, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლი სააკაშვილისტები გამუდმებით იმუქრებიან საქართველოში შემოჭრით, ხოლო საქართველო მათგან დაღუპულებს პატივით იბარებს, დროიშების ფრიალით და სხვ. და ა.შ. ასეთი პოლიტიკა დამღუპველია.
თუ ამერიკის დუმილი ჩვენს მიმართ გაგრძელდება და პირიქით, დაეხმარებიან საქართველოს დამშლელ და ზნეობრივად გახრწნილ ოპოზიციას, მაშინ უბედურ საქართველოს სხვა არაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდეს თავისი ტრაგიკული გმირის, მეფე ერეკლეს პოლიტიკურ ორიენტაციას. მტკიცე იყო მეფის გადაწყვეტილება – მხოლოდ რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა.
დღესაც იმავე არჩევანის წინაშე ვდგავართ. რაც შეეხებათ აფხაზებსა და ოსებს, ჩემი მხრიდან დავამატებდი: მათ შესარიგებლად არავითარი ბოდიშის მოხდა არ გაჭრის, თუ რუსეთი არ ჩაერევა.
ვიქტორ რცხილაძე