NBC News: აშშ რუსეთთან და უკრაინასთან ჯერ ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, შემდეგ კი ერთობლივს

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, თავიდან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან, ხოლო ამის შემდეგ, ორგანიზება გაუწიოს ერთობლივ – სამმხრივ შეხვედრას. ამის შესახებ NBC News წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი

როგორც ტელეკომპანიის ახალი ამბების განყოფილებას ორმა ამერიკელმა თანამდებობის პირმა დაუდასტურა, უკრაინა არ მიიწვიეს საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. ამავდროულად, მათ განმარტეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, თავიდან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს რუსეთთან, შემდეგ უკრაინასთან, ხოლო საბოლოოდ, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეახვედროს.

„ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ორივე მხარესთან ერთნაირად ვმუშაობთ. ჩვენი სურვილია, შეწყდეს ადამიანების კვლა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადავდგათ ნაბიჯები“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო NBC News-თან.

ცნობისთვის, დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება. შესაძლოა, რუსეთი ბევრ დათმობაზე წავიდეს, შესაძლოა – არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება“.