პესკოვი: ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების საწარმოებლად საუდის არაბეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი ჩავლენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ჩავლენ.

სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი

„დღეს პრეზიდენტ პუტინის დავალებით ერ-რიადში გაფრინდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ერ-რიადში ისინი შეხვდებიან ამერიკელ ვიზავის. შეხვედრა, პირველ ყოვლისა, მიეძღვნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის საკითხებს“, – თქვა პესკოვმა.

გარდა ამისა, როგორც რუსული მედია იუწყება, საუდის არაბეთში უკვე იმყოფება პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი. მედიის თანახმად, ისიც მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.

საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ერ-რიადში ელიან აგრეთვე ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს და მის წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფს.