აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ომის დასრულება სურს“ და უარყო ვარაუდი, რომ კრემლის მმართველის ამბიციები შესაძლოა, უკრაინის საზღვრებს სცდებოდეს.
„ვფიქრობ, მას ომის დასრულება სურს. ეს მესმის. ჩვენ დიდხანს და დაჟინებით ვისაუბრეთ. [ახლო აღმოსავლეთის დესპანი] სტივ ვიტკოფი მასთან ძალიან დიდხანს იყო, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, მას სურს, შეწყვიტოს ბრძოლა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს როდესაც ჰკითხეს, მისი აზრით, რა სურს პუტინს, იუწყება The Hill.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსებს „დიდი, ძლიერი სამხედრო მანქანა აქვთ“.
„თქვენ ეს გესმით. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და ნაპოლეონი. იცით, ისინი დიდი ხანია, იბრძვიან. ეს ადრეც გააკეთეს. მაგრამ, ვფიქრობ, მას ომის დასრულება სურს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პუტინის ტერიტორიული ამბიციების შესახებ კითხვაზე – ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს – ტრამპმა თქვა, რომ იგივე კითხვა დაუსვა პუტინს.
„ვფიქრობ, მას სურს, გაჩერდეს. ეს იყო ჩემი შეკითხვა მისი მისამართით. იმიტომ, რომ თუ ის გააგრძელებს, ეს იქნება დიდი პრობლემა ჩვენთვის და ეს იქნება დიდი პრობლემა ჩემთვის, რადგან თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ ამის დაშვება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ასევე სურს, ამას ბოლო მოეღოს“.