ზელენსკი: უკრაინა საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს და მას არ აღიარებს

საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში უკრაინის ხელისუფლება არ მონაწილეობს, მის შესახებ არაფერი იცის და მას არ აღიარებს. ამის თაობაზე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინამ ამ მოლაპარაკების შესახებ არაფერი იცოდა. ჩვენ მასში არ ვმონაწილეობთ, უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებას შედეგი ვერ ექნება. ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებებს ჩვენ არ ვაღიარებთ.“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს, ბუნებრივია, აქვთ მოლაპარაკების გამართვის უფლება „ორმხრივი ტრეკის“ არსებობის შემთხვევაში და მათ ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვა შეუძლიათ.

ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. 18 თებერვალს ის საუდის არაბეთში გაემგზავრება. ზელენსკის თქმით, ერ-რიადში მის ვიზიტს აშშ-რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

17 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთის დელეგაციაში, ლავროვის გარდა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი იქნება წარმოდგენილი.