ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა საუდის არაბეთში დაიწყეს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულებაზე. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, მომავალ კვირას შედგეს, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებები კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს და ევროპას უჭირს მოვლენების სისწრაფეზე რეაგირება. მოლაპარაკებები ერ-რიადში მოჰყვა გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო ზარს, რომლის დროსაც შეიცვალა შეერთებული შტატების ძირითადი პოზიციები კონფლიქტთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა, რუბიოს თანმხლებ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ეს შეხვედრა არის გზა იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი მზად უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
შეხვედრები აშშ-სა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის კონტექსტში მიმდინარეობს და მომავალ სამშვიდობო შეთანხმებებში კიევის მონაწილეობის საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად კონფლიქტის მოგვარების ძიებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ აღიარებს არანაირ შეთანხმებას მისი მონაწილეობის გარეშე, რაც აჩენს დამატებით კითხვებს მოლაპარაკებების პროცესის სტაბილურობასთან დაკავშირებით.