ვაშლიჯვარში დივერსიის საიდუმლოც, მალე უთუოდ გამჟღავნდება! – ზაზა დავითაია

2025 წლის 9 თებერვალს ღამის 11 საათზე, თბილისისთვის გაზის მოწოდების კომპანია „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო პროგრამამ ქსელში წნევის ვარდნა დააფიქსირა. სავარაუდოდ დივერსიული აქტის შედეგად, 150 ათასი თბილისელი ოჯახი ზამთრის ყინვაში რამდენიმე დღით გათბობის გარეშე დარჩა! ამ მოვლენამ უნებურად ფიქრები აღმიძრა და არცთუ შორეულ წარსულში მომხდარი ის მოვლენები გამახსენა, რომლებიც გაზის მაგისტრალის წყობიდან გამოსვლას პირდაპირი თუ არა, ირიბი, მაგრამ მრავლისმთქმელი მინიშნებებით უკავშირდება:

ავარია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე დაახლოვებით იმ დროს მოხდა, როცა 25 წლის წინ, 1998 წლის 9 თებერვალს თავგანწირული მამულიშვილების ჯგუფმა გოჩა ესებუას მეთაურობით, კრწანისში საქართველოს მტრის, ედუარდ შევარდნაძის გერმანულ ბრონირებულ მერსედესს „მუხები“ და ავტომატის ჯერი დაუშინა…

აზის მაგისტრალის ავარიის ადგილზე გასულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაუდგენელი მიზეზით მაგისტრალური 500 მმ -იანი მილი დაზიანებული დახვდა.

ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად 7 წუთში მთლიანად დაიცალა.

კომპანიას არ დაუმალავს, რომ გაზის მაგისტრალზე დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი ყოფილიყო: „თბილისი ენერჯი გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.“ – ასეთი განცხადება გავრცელდა თავიდანვე.  ბუნებრივი აირით მომარაგება დედაქალაქის ძირითადად ვაკეში და საბურთალოზე მცხოვრებ 150 ათას ოჯახს შეუწყდა და აღდგენა მხოლოდ 11 თებერვლის, დილის 8 საათისთვის მოხერხდა.

რამდენ საიდუმლოს მალავს ვაშლიჯვარი… გაზის მაგისტრალის დივერსიულ დაზიანებამდე 20 წლით ადრე, 2005 წლის თებერვლის დასაწყისში სწორედ ვაშლიჯვარში მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს უკავშირდება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საზოგადოებაში მოარული ერთ-ერთი ვერსია.

ამ ვერსიის თანახმად, ვაშლიჯვარის ოფისში პრემიერ ჟვანიას და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის უთანხმოება მომხდარა, რომელიც ყვირილსა და გაწევ-გამოწევაში გადაზრდილა. მერე პრემიერს საფეთქელში ვიღაცის მიერ ბუმერანგივით გასროლილი საფერფლე მოხვედრია და ადგილზე გათავებულა. არავინ იცის, ეს ვერსია სწორია თუ არა, მაგრამ ჟვანიას სიკვდილის გარემოებების ოფიციალური გამოძიება აშკარად რომ გაკოტრდა და მთელი ქვეყნის წინაშე გამასხარავდა – ეს კი ფაქტია. უამრავი მტკიცებულება მოწმობს, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში გაზით (!) კი არ გაიგუდა, თავის თანამეინახე, ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილე რაულ უსუპოვთან ერთად…

არამედ, გარდაცვლილი პრემიერის ცხედარი იმ ბინაში მიიტანეს და გამოძიებამ გაზით გაგუდვის სცენა თავად შეთითხნა, ხოლო საწყალი რაულ უსუპოვი მოკლულ პრემიერს ზედ წააკლეს და კონსპირაციულ ბინაში მხოლოდ იმ მიზნით მიიტანეს მისი ცხედარი, რომ მრავალმნიშვნელოვნად, მათ შორის არატრადიციულ ურთიერთობაზე მიენიშნებინათ, რათა ჟვანიას და უსუპოვის ოჯახებს ამ საქმის შემდგომი “გაქექვის” სურვილი დაჰკარგვოდათ.

ანდა, პრემიერი ჟვანია გაზით როგორ გაიგუდებოდა, როცა დადგინდა, რომ იმ დღეს მოცემულ ბინას გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა?!

სწორად მიმიხვდი მინიშნებას, მკითხველო!

დიახ, ქართველ საზოგადოებაში არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ თბილისში გაზის მაგისტრალზე ამასწინანდელ დივერსიასა და ზუსტად 20 წლის წინ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს შორის არა მხოლოდ ის კავშირია, რომ ორთავე საქმეში „ვაშლიჯვარი“ და „გაზი“ ფიგურირებს… არამედ უმთავრესი ის არის, რომ დიდი ალბათობით, 2005 წლის 3 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას იდუმალი მკვლელობაც და 2025 წლის 9 თებერვალს ვაშლიჯვარში გაზის მაგისტრალზე დივერსიაც – ერთი და იმავე ხელით არის შესრულებული!

ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ვაშლიჯვარში გაზის მაგისტრალის აფეთქებას ვერ ჩაიდენდა ოდესღაც იქვე, ვაშლიჯვარში მცხოვრები ვოვა არუთინიანი, მარტო იმიტომ, რომ უკვე 20 წელია, რაც სამარტოო საკანში უვადო პატიმრობის მისთვის შეთითხნილ სასჯელს იხდის… შეთითხნილს – იმიტომ, რომ გამორიცხულია, ვოვა არუთინიანს შეეღწია ქართული და ამერიკული სპეცსამსახურების რამდენიმეშრიანი კორდონების მიღმა და თბილისში სტუმრად ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უმცროსისთვის ხელყუმბარა ესროლა, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, არ აფეთქდა, რადგან საბრძოლო კი არა, სასწავლო აღმოჩნდა, შესაბამისად, ბუში გადარჩა და სააკაშვილის „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადება წარმატებით გააგრძელა!

დიახ, ძვირფასო მკითხველო, რუსთავის მკაცრი რეჟიმის მე-6 ციხიდან ვოვა არუთინიანი ნამდვილად ვერ გამოიპარებოდა, რათა თავის მშობლიურ უბანში, ვაშლიჯვარში გაზის მაგისტრალი აეფეთქებინა და მერე საიდუმლო გზებით კვლავ რუსთავის მე-6 საპყრობილეში, თავის სამარტოო საკანში დაბრუნებულიყო!

სამაგიეროდ, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში შეთითხნილი საქმის მასალების მიხედვით, მსგავსი ქმედების ჩადენა მოუხერხებია მონარქისტული პარტიის თავმჯდომარეს, ჩემს „პადძელნიკს“ და თანამოსაკნეს, აწ განსვენებულ თემურ ჟორჟოლიანს. საზოგადოებას ახსოვს, სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენ, 12 ადამიანს (მათ შორის მე და თემურ ჟორჟოლიანს) შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობა დაგვაბრალა, რომელიც თურმე, 2006 წლის 4 მაისს შედგა. საქმე იმაშია, რომ მაგ დღეს თემურ ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში გულის მძიმე პრობლემებით სიკვდილს ებრძოდა, თუმცა სააკაშვილის რეჟიმის დასკვნით, მან სულთმობრძავმა ყველასთვის შეუმჩნევლად დასტოვა ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრი, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საიდუმლო შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო და შემდეგ ყველასთვის შეუმჩნევლად, საკუთარ პალატაში დაბრუნდა, კვლავ სულთმობრძავ მდგომარეობაში!

ეს ეპიზოდი იმიტომ გიამბეთ, რომ ყველა ძელზე და დანაშაულზე გადამხტარ ნაცებს, რომლებიც ამ ეტაპზეც, რევოლუციის მოწყობით და სახელმწიფოს ჩამოშლით არიან დაკავებულნი, ალბათ ენა მოუბრუნდებათ, ამჟამად რუსთავის მე-6 მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფ, სამუდამო პატიმრობამისჯილ ვაშლიჯვარელ ვოვა არუთინიანს დააბრალონ გაზის მაგისტრალის აფეთქება, ოღონდაც, გონივრული ვარაუდით განპირობებული ეს უმკაცრესი ბრალდება თავად აიცილონ…

დაბოლოს, ვაშლი – სხვადასხვა გადმოცემის მიხედვით, ადამ და ევადან მოყოლებული, „სიბრძნის“ სიმბოლოა. ევამ ხომ, თავის დროზე უფალი იმით გაანაწყენა, რომ აკრძალული ცოდნა მიიღო სიმბოლურად ვაშლის სახით, ხისგან „ცნობადისა ბოროტისა და კეთილისა…“

არ ვიცი, ტოპონიმი “ვაშლიჯვარი” საიდან და რისგან წარმოსდგება! მაგრამ უთუოდ კარგია, თუ ვაშლი – ის სიბრძნე, რომელმაც თავის დროზე ევას და ადამის სახით კაცობრიობა უზრუნველი ცხოვრებიდან ტანჯული ყოფისთვის გაწირა და სამოთხიდან დედამიწაზე საცხოვრებლად გაამწესა – ამჯერად, ჯვართან, ანუ უფლის სიმბოლოსთან არის დაკავშირებული.

ეს იმას მოასწავებს, რომ, როგორც წმიდა წერილში ლუკა მახარებელი  ამბობს (ლუკა 12:2;3) – “არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება!” ვაშლიჯვარში დივერსიის საიდუმლოც, მალე უთუოდ გამჟღავნდება!

ზაზა დავითაია

წყარო: Tvalsazrisi.ge