აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოცნება აასრულა, გადაეჭრა პრობლემები პირდაპირ აშშ-სთან სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ტრამპმა აასრულა პუტინის ოცნება – ის ყოველთვის ცდილობდა პრობლემების პირდაპირ აშშ-თან გადაჭრას, ევროპელების ან სხვების გარეშე. მისი აზრით, ეს მოსკოვის თანასწორობისა და სიდიადის აღიარებაა, მაგრამ ტრამპის მიზანი პუტინის სიდიადე კი არა, საკუთარი სიდიადეა და პუტინზე ზეწოლა სადაც საჭირო იქნება, ის ამას გააკეთებს“, – აცხადებს კულება.
მისი აზრით, ის, რომ აშშ-მ და რუსეთმა პირდაპირ საუბარი დაიწყეს, არ ნიშნავს, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ასე იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც. პუტინმა შეიძლება, ძლიერი იმედგაცრუება მოუტანოს ტრამპს. პუტინს შეუძლია ჯერ კიდევ იმედები გაუცრუოს ტრამპს. ჩვენ მხოლოდ იმ პროცესის დასაწყისში ვართ, სადაც ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ შედეგი არ არის. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის“, – აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი.
კულებამ აღნიშნა, რომ რეალური მაჩვენებელი იმისა, რომ პუტინი ტრამპთან შეთანხმებას დებს, იქნება თავდასხმის ინტენსივობის შემცირება.
„სხვა ყველაფერი უბრალოდ ლაპარაკია. მაგრამ ესეც არ ნიშნავს ომის დასასრულის მოახლოებას, რადგან პუტინს დღის წესრიგიდან არ ამოუღია მთავარი მიზანი – უკრაინის განადგურება“, – აღნიშნა მან.
მეტიც, კულება დარწმუნებულია, რომ ევროპამ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ შეერთებულმა შტატებმა იგი მიატოვა. მისი აზრით, ეს კარგია როგორც ევროპისთვის, ასევე, უკრაინისთვის.
„თუმცა შეიძლება, ისინი ჩაეფლონ დისკუსიებში, თუ რა უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. ეს ცუდი იქნება როგორც მათთვის, ისე უკრაინისთვის. გადაწყვეტილებები თუ არ იქნება, ომი მივა ევროკავშირის ქალაქებში“, – განმარტა მან.
ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რთული პროცესი იქნება, რადგან „შესაძლებლობების დერეფანი ვიწრო იყო და კიდევ უფრო ვიწროვდება“, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინას ბრძოლისთვის რესურსი ჯერ კიდევ აქვს.
„გახსოვდეთ, ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება და ჯერ კარგად თუ არ არის, ე.ი ეს ჯერ ბოლო არ არის“, – განაცხადა კულებამ.