18 თებერვალს ანკარას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია, ხოლო შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები საუდის არაბეთში შეხვდნენ ერთმანეთს და უკრაინის ომის საკითხი განიხილეს.
როგორც The Telegraph წერს, თურქეთში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტის ფიქრები სხვაგან იყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის ავტორიტეტის შესუსტების პირველი ნიშნები აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლამდე გაჩნდა. გასული წლის სექტემბერში, როცა ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, მას სულ უფრო და უფრო უჭირდა გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრა, რომლებიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ მას ტაშით ეგებებოდნენ.
„სანამ უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში მუსტაფა ქემალ ათათურქის აკლდამის მონახულებით იყო დაკავებული, ერ-რიადში მისი ქვეყნის მომავალი წყდებოდა. აშშ-ის დელეგაცია პირველად მართავდა შეხვედრას რუს კოლეგებთან, რათა ომიდან გამოსავალი მოძებნა“, – წერს გამოცემა.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ რუსებმა და ამერიკელებმა ზელენსკი არ მოიწვიეს დისკუსიაზე.
„ორივე დელეგაცია შეთანხმდა უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე რაიმე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე“, – წერს გამოცემა.
The Telegraph-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის გადაყენება რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მთავარი მიზანია.
„რუსეთისთვის ახლა არც ისე ადვილია გავლენა მოახდინოს უკრაინის არჩევნებზე, როგორც ომამდე იყო. მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა პუტინის სახელი ხსენება. სიძულვილის პროვოცირება შეუძლებელია დეზინფორმაციით. უკრაინის მოსახლეობის ყველაზე პრომოსკოვური სეგმენტები ცხოვრობენ დონბასში, რომელიც უკვე რუსების მიერაა ოკუპირებული და, შესაბამისად, არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უკრაინის საარჩევნო პროცესში“, – წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი არც პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტზე მიიწვიეს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელი კოლეგები ტრამპის გეგმის საპასუხოდ დაპატიჟა.
როგორც The Telegraph-ი წერს, ზელენსკი თურქეთიდან საუდის არაბეთში აპირებდა ჩასვლას, თუმცა მოგვიანებით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის იქ არ ჩავა. სავარაუდოდ, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ზელენსკი ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ცოტა ინფორმაციას იღებდა და ის არ იყო დარწმუნებული, რომ მისი ჩასვლის შემდეგ მას ამერიკის ან რუსეთის დელეგაციის წევრები დახვდებოდნენ.