თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინის საკითხზე რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
ტრამპს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით რომ უკრაინა, რომელიც სამი წელია რუსეთთან ომში იმყოფება, შეიძლება მოლაპარაკებებში არყოფნის გამო იმედგაცრუებულად იგრძნოს თავი.
„ვფიქრობ, ამ ომის დასრულების ძალა მაქვს და ეს ძალიან კარგად მიდის. დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? თქვენ ეს უნდა დაგესრულებინათ სამი წლის მანძილზე. თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ის“, – განაცხადა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა.
ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.
რას შეეხება რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, რუსეთს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავეს.
გეგმის მიხედვით, თავდაპირველად მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ უკრაინაში ჩატარდება არჩევნები და შემდეგ მოხდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება.