აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში, BBC-ს აზერბაიჯანული სამსახურის ოფისის დახურვა მოითხოვა. ამის შესახებ BBC იუწყება.
შესაბამისი მოთხოვნით სამაუწყებლო კორპორაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა. BBC-ის წარმომადგენელთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ამკრძალავი ღონისძიება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ძალზე საწყენია.
კორპორაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქოში ოფისის დახურვის მიუხედავად, მისი მაუწყებლობა აზერბაიჯანულ ენაზე გაგრძელდება.
BBC News-ის აზერბაიჯანული სამსახური 1994 წლიდან ფუნქციონირებს. თავიდან ეს იყო რადიო მაუწყებლობა, ხოლო შემდეგ ციფრული მედიის ფორმატზე გადავიდა.