FT: აშშ „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას ეწინააღმდეგება

აშშ G7-ის განცხადებაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას ეწინააღმდეგება, რაც საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ერთიანობის დემონსტრირებას, – ამის შესახებ RBC-Ukraine Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

G7

დასავლელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ამ საკითხს იცნობს, განუცხადა FT-ს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა  G7-ის სამიტში, ასევე, ჯერ არ არის შეთანხმებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უთანხმოება წარმოიშვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა ომში დაადანაშაულა, ზელენსკის  „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა და შესთავაზა რუსეთის დაბრუნება G7-ში.

ანონიმური დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ფრაზას „რუსული აგრესია“ და მსგავს ტერმინებს, რომლებსაც G7-ის ლიდერები 2022 წლიდან იყენებდნენ.

„ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ უნდა გაესვას ხაზი განსხვავებას რუსეთსა და უკრაინას შორის. ისინი ერთი და იგივე არ არიან. ამერიკელები ბლოკავენ ამ ფორმულირებას, მაგრამ ჩვენ კვლავ ვმუშაობთ მასზე და შეთანხმების მიღწევის იმედი გვაქვს“, – განუცხადა Financial Times-ს ანონიმურმა წყარომ.

აღსანიშნავია, რომ G7-ის ლიდერების შარშანდელ განცხადებაში ხუთჯერ არის ნახსენები რუსული აგრესია.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – ნათქვამი იყო 2024 წელს ომის მეორე წლისთავზე G7-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ფორმულირების შერბილების მოთხოვნა ასახავს აშშ-ს პოლიტიკის უფრო ფართო ცვლილებას, რომ ომი მოიხსენიონ, როგორც „უკრაინის კონფლიქტი“.