რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი გეგმა, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში სამშვიდობო ჯარების გაგზავნის შესახებ, მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება.
კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს.
„ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია ნატოს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში შესაძლო გაგზავნაზე. ეს სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ ეს თემა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას“, – აცხადებს პესკოვი.
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დონალდ ტრამპს წარუდგენს უკრაინაში 30 ათასამდე ევროპელი სამხედროს განლაგების გეგმას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად.