მაიკ უოლცი უკრაინლებზე: ტონს უნდა დაუწიონ, ცივი გონებით შეხედონ და მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწერონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავოს და მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

„მათ ტონს უნდა დაუწიონ, ცივი გონებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა, Fox News-თან ინტერვიუში.

ამასთან, უოლცმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის უთანხმოებები შეურიგებელი არ არის და დასძინა, რომ „ტრმაპმა, ასევე, თქვა, თუ რამდენად უყვარს უკრაინელი ხალხი“.

მან განაცხადა, რომ აშშ-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან კონსულტაციები არ შეუწყვეტია და დასძინა, რომ მოლაპარაკებებში ყველა მხარის ერთდროულად მონაწილეობას აქამდე არ უმუშავია.

„ამ დიპლომატიისთვის სიტყვა არსებობს. მას ეწოდება მაქოს დიპლომატია [shuttle diplomacy] (შუამავლის მიერ კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან მოლაპარაკებების სერიის წარმოება სამშვიდობო დარეგულირების მიზნით), რადგან მაგიდასთან ყველას ერთდროულად დასმას აქამდე უბრალოდ არ უმუშავია. ასე რომ, ჩვენ მეორე მხარე ჩავრთეთ და შემდგომ პროცესი წინ წაიწევს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობისა და ლიდერობის ფარგლებში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.