სერგეი ლავროვი: საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში

საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“თავიდანვე ყველა შევთანხმდით, რომ რომ სწორედ “3+3” ფორმატი გვაქვს და რომ გვესმის საქართველოს პოზიციის ეჭვები და ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის სხდომათა დარბაზში”, – განაცხადა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომის კონსტატაცია ბოლო შეხვედრაზე მოხდა: “ქართულ მხარეს დავუდასტურეთ, რომ კარი ღიაა, სკამი დგას”.

ლავროვის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა “ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” ეყრდნობა.

“ხოლო ის, რომ “3+3” ყველა წევრის ინტერესებში [მუშაობს], ეჭვებს არ იწვევს. სხვათა შორის, ამან შური და არა ეჭვები გაუჩინა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას, რომელიც “3+3” ფორმატის ნაცვლად “3+1” ფორმატის წინ წაწევას ცდილობდა, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ბაიდენის ხალხი, რომელიც მათ უხელმძღვანელებდა”, – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა – “3+3 ფორმატი” – გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველომ “3+3 ფორმატის” შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.