დაბნეულობა, რომელიც მსუბუქ ისტერიაში გადადის, მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარის – ჰოისგენის უადგილო ღნავილი, ფუჭი ბრაზი და ნაირ-ნაირი ემოციები – ესაა ის, რასაც ევროპა, ჯერ-ჯერობით უპირისპირებს ტრამპის ადმინისტრაციის რაციონალისტურ პოლიტიკას რუსეთისა და უკრაინის მიმართ. პოლონეთის პრემიერმა ტუსკმა დაწერა პლატფორმა “იქს”-ზე:
“უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია მთელი დასავლეთის კაპიტულაციას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ნურავინ ეცდება საკუთარი თავის მოტყუებას, რომ ამას ვერ ამჩნევს” – დაწერა დონალდ ტუსკმა.
ტრამპის პოლიტიკით აღშფოთებულია აშშ-ის ლიბერალური ბომონდიც, თუმცა ეს აღშფოთება ჯერ სუსტია და პოლიტიკურ პროტესტში არ გადაზრდილა, ყველაფერი სოციალური ქსელების დონეზეა. ყველაზე წონადი ხმა ამ კაკაფონიაში, აშშ-ის შიგნით, აშშ ყოფილმ რესპუბლიკელ ვიცეპრეზიდენტს, მაიკ პენსს, აქვს, რომელმაც ტრამპს 2021 წლის იანვარში, კაპიტოლიუმის არეულობების დროს უგანა. პენსმა გადაწყვიტა, თავად იტვირთოს ტრამპის ოპოზიციური ფრონტის შექმნა რესპუბლიკური პარტიის შიგნით. ამის შესახებ პენსმა რამდენიმე დღის წინ თავად დაწერა პლატფორმა “იქს”-ზე. გუშინ კი, ტრამპის მხრიდან ზელენსკის მიმართ დამამცირებელი კრიტიკის გამო, შემდეგი დაწერა:
“ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას არ “დაუწყია” ეს ომი. რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და დაუნდობელი შეჭრა, რომელმა ასეულ ათასობით სიცოცხლე შეიწირა. მშვიდობისკენ მიმავალი გზა სიმართლეზე უნდა იქნას დამყარებული” – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა მეორე პირმა.
ყველაზე უფრო დამაფიქრებელი, ჩემი აზრით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის პუბლიკაციაა “იქს”-ზე. აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტაში სრული კონსენსუსია რუსეთ-უკრაინის საკითხზე: უკიდურესად ანტირუსული და ზელენსკის ფაშისტური რეჟიმის მხარდამჭერი. იმავე ბორის ჯონსონმა და კიდევ ერთმა ყოფილმა პრემიერმა – რიში სუნაკმა, სოლიდარობა გამოხატეს მოქმედი პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის პოზიციის მიმართ (რომელიც სწორედ ანტირუსულობით გამოირჩევა) და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს მას. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ძალიან დიდი ხანია, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს ასეთი რადიკალურად განსხვავებული პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპულ საკითხებთან მიმართებით, არ ჰქონიათ.
და აი, რა დაწერა ჯონსონმა:
“როდის დავასრულებთ ჩვენ, ევროპელები, დონალდ ტრამპის გამო სკანდალების მოწყობას და დავიწყებთ მის დახმარებას, რომ დასრულდეს ეს ომი?
რა თქმა უნდა, უკრაინას ომი არ დაუწყია. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია, ვამტკიცოთ, რომ ამერიკა დაესხა თავს იაპონიას პერლ-ჰარბორში.
რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელიც ძალადობრივი შეჭრის ობიექტი გახდა, არ უნდა ატარებდეს არჩევნებს. დიდ ბრიტანეთში არ ჩატარებულა საყოველთაო არჩევნები 1935 წლიდან 1945 წლამდე.
რა თქმა უნდა, ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%, სინამდვილეში მისი რეიტინგი დაახლოებით იმდენივეს შეადგენს, რამდენიც ტრამპს აქვს.
ტრამპის განცხადებებს არ აქვთ ისტორიულ სიზუსტეზე პრეტენზია, არამედ იმაზე, რომ შოკში ჩააგდოს ევროპელები და აიძულოს ისინი, იმოქმედონ.
მათ შორის, აშშ-ს შეუძლია, შეამჩნიოს ძირითადად ბელგიაში თავმოყრილი გაყინული რუსული აქტივები, 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს ფული შეიძლება, იქნას გამოყენებული უკრაინისთვის, ასევე აშშ-სთვის, უკრაინისათვის გაწეული მხარდაჭერის სანაცვლოდ.
რატომ აფერხებს ევროპა პუტინის გაყინული ფულის გაცოცხლებას?
აშშ-ს მიაჩნია, რომ ამ ფულს ბლოკავენ ბელგია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები. ეს აბსურდია. ჩვენ უნდა გავხდეთ სერიოზულნი და სწრაფნი“. – წერს ბორის ჯონსონი.
მე, პირადად, ასეთი სერიოზული არგუმენტები, ტრმაპის კრიტიკოსთა მხრიდან, ჯერ არ მინახავს. ჯონსონი, შესაძლოა, სავსებით მართალი აღმოჩნდეს და ტრამპის მიზანი ევროპის “გამოფხიზლება” იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ჯონსონი ცდება და ტრამპი შეგნებულად ასუსტებს აშშ-ის პოზიციებს რუსეთთან მიმართებით, ტრამპი ჩემი აზრით, გახდება ამერიკის გორბაჩოვი – საერთაშორისო არენაზე ამერიკისთვის ყველა შესაბამისი შედეგით. კანადა და გრენლანდია კი არა, შეიძლება, მიჩიგანი და მასაჩუსეტსიც იქეთ მორჩეს.
P.S. ტრამპის გორბაჩოვთან შედარება ჩემი ორიგინალური “მიგნება” არ არის და არ ვიჩემებ. ჯერ კიდევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ადარებდნენ მას გორბაჩოვს, თუმცა ეს განცდა მე პირადად, დღევანდელობაში უფრო დამეუფლა.
გულბაათ რცხილაძე