„ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – მაკრონმა პარიზში მეორე საგანგებო შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა

ევროკავშირის კოლეგებთან, ასევე, კანადასთან, ისლანდიასთან და ნორვეგიასთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. ამის შესახებ მაკრონმა X-ზე დაწერა.

ემანუელ მაკრონი

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პოზიცია გულისხმობს იმას, რომ უკრაინის ყველა პარტნიორი ისწრაფვის უკრაინაში გრძელვადიანი და მყარი მშვიდობისკენ.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები იზიარებენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციას, დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია, გრძელდება.

„ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ჩვენს ინტერესებშია:

→ უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები დაცული უნდა იყოს.

→ მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები.

→ ევროპელების უსაფრთხოების საზრუნავი გათვალისწინებული უნდა იყოს.

დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა, გაიზარდოს ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები და ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს დღეებსა და კვირებში“, – დაწერა მაკრონმა.

 

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზე პირველი საგანგებო სამიტი პარიზში 17 თებერვალს გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის რამდენიმე უმსხვილესი სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის – სულ რვა ქვეყნის ლიდერები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა.