WSJ: ტრამპის თავდასხმა ზელენსკიზე მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების სიგნალია

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ლიდერზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებაზე მეტყველებს. სტატიას ამ სათაურით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხ კვირაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართულება მკვეთრად შეცვალა, გადააქცია რა, ამერიკა ნაკლებად სანდო მოკავშირედ და გლობალურ ვალდებულებებზე უარი ათქმევინა ისე, რომ ეს კარდინალურად შეცვლის ამერიკის ურთიერთობას მსოფლიოსთან.

The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს დათმობებზე წავიდნენ, რამაც ევროპელი მოკავშირეები გააოცა. ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა, ის ევროპელებს დაშორდა და USAID-ის მუშაობა შეაჩერა, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარებოდა.

არავის სჯეროდა, რომ ტრამპი საერთაშორისო საქმეებს მისი წინამორბედების მსგავსად წარმართავდა, თუმცა არც არავინ ელოდა, რომ ის მის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც საფუძველი 1945 წლიდან ჩაეყარა, ასე რადიკალურად შეცვლიდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის მეთაურობით ალიანსებმა აშშ გააძლიერა. აშშ-მა პირობა დადო, რომ დაიცავდა საკუთარ მოკავშირეებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. აშშ-მა სხვა ქვეყანაზე მეტად იტვირთა თავისუფალი ვაჭრობისა და სტაბილურობის გლობალური გარანტის როლი, ჯერ საბჭოთა კავშირისთვის, ხოლო შემდეგ ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით.

ტრამპი საკითხებს სხვაგვარად უყურებს. ის ფიქრობს, რომ მოკავშირეები ამერიკისგან მეტს იღებენ, ვიდრე აძლევენ. აშშ-ის ჯარისა და ბირთვული ქოლგის იმედად ყოფნის ნაცვლად, სჯობს ქვეყნებმა თავად იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. გამოცემის მტკიცებით, ტრამპი საგარეო პოლიტიკას მოგება-წაგების პრინციპით უდგება.

„საქმე იმაში არ არის, რომ ტრამპი უარს აცხადებს მეორე მსოფლიო ომი შემდეგ შექმნილ წესრიგზე“, – განუცხადა სააგენტოს Heritage Foundation-ის წარმომადგენელმა ვიქტორია ქოუთსმა. „საქმე იმაშია, რომ ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში, და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა“.