აშშ-ის მოთხოვნით, „დიდი შვიდეულის“ განცხადებიდან, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მე-3 წლისთავს ეძღვნება, ამოღებულია ფორმულირებები, რომელიც რუსეთს, როგორც აგრესორს მოიხსენიებს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times იუწყება.
G7-ის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა გამოცემას განუცხადა, რომ კანადის მიერ მომზადებული განცხადების პროექტში პროუკრაინული ტონი შენარჩუნებული იყო, როგორც ეს 2022 წლიდან ხდებოდა. მაგრამ აშშ-ის წარმომადგენლებმა ამოიღეს ყველა ის ფორმულირება, რომლის აღქმა შესაძლებელია, როგორც უკრაინის მხარდაჭერა. ამის შედეგად დოკუმენტი ნეიტრალური გახდა და ის არ შეიცავს ფორმულირებებს, რომ რუსეთი არის აგრესორი ან უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი.
პროექტის ამჟამინდელ ფორმულირებაში საუბარია „დამანგრეველ ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაიწყო“. მაგრამ აქ არ არის ტერმინები „რუსეთის აგრესია“ ან „რუსი აგრესორები“, რაც 2022 წლიდან გამოიყენებოდა.
დოკუმენტის ტექსტში, შესაძლოა, შესწორებები კიდევ შევიდეს. ის ორშაბათს უნდა იყოს გამოქვეყნებული. ასევე ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
ასევე აშშ-მა უარი განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის თანაავტორი გახდეს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს მხარს უჭერს და რუსეთის აგრესიას გმობს.