აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს მათ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა განიხილეს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ლიდერის შეხვედრა, „ძირითადად, უკრაინაში ომის დასრულების პროგრესზე იქნება დამოკიდებული“.
მისივე თქმით, 18 თებერვალს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების დროს მან ლავროვს და რუს ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ „შეხვედრა არ შედგება, ვიდრე არ გავიგებთ, საუბარი რაზე იქნება“.
„როგორც წესი, ასეთი შეხვედრები არ ტარდება, ვიდრე არ გეცოდინებათ რაიმე შედეგის, ან პროგრესის შესახებ. ასე რომ, ვფიქრობ, შეხვედრის დრო დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, შეგვიძლია თუ არა პროგრესის მიღწევა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით და თუ შევძლებთ და ეს შეხვედრა შეთანხმებით დასრულდება, ვფიქრობ, ყველამ უნდა იზეიმოს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობისმყოფელია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.