მოსკოვი ცხინვალისგან უკანონოდ მიღებული პენსიების დაბრუნებას მოითხოვს

მოსკოვი ცხინვალისგან უკანონოდ მიღებული პენსიების დაბრუნებას მოითხოვს. მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ შეთანხმებებში შესაბამისი ცვლილებები რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმაში შეიტანა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ბანერი ცხინვალში

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი პენსიონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მოსკოვში დაგვიანებით ჩადიოდა და მისთვის პენსიების გამოყოფა მაინც ხდებოდა. საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე. ახლა მოსკოვი ამ ფულის უკან დაბრუნებას მოითხოვს.

რუსეთის მთავრობის ცნობით, უკანონოდ მიღებული პენსიების ოდენობა 2016-2024 წლებში 37 მლნ. რუბლს (417 ათას აშშ დოლარს) შეადგენს.

მანამდე მოსკოვმა ასეთივე გზით მიღებული პენსიების დაბრუნება სოხუმსაც მოსთხოვა.