რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინაში გაზის მოპოვება 40%-ით არის შემცირებული, რის გამოც, ქვეყანა თებერვალსა და მარტში, ევროპიდან 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტს გეგმავს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა დღეში დაახლოებით 52 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებდა, ზამთარში კი დღეში 110-იდან 140 მილიონ კუბურ მეტრს მოიხმარდა.
„გათბობის ამ სეზონზე იმპორტის გარეშეც შეგვეძლო გამოსვლა, თუმცა წარმოებაზე იერიშები იძულებულს გვხდის, გაზის იმპორტირება მოვახდინოთ, რომ შიდა მოპოვების შემცირება დავაკომპენსიროთ“, – ამბობს წყარო.
როგორც Reuters წერს, ენერგეტიკულ სექტორში გაზის წარმოების ამჟამინდელ დონეს არ ასაჯაროებენ.
გამოცემის ცნობითვე, გაზის წარმოების ძირითადი ობიექტები რუსული იერიშების წინაშე დაუცველია, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ფრონტის ხაზთან – ხარკოვის ოლქსა და მეზობელ ქალაქ პოლტავაშია განლაგებული.
გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინას საცავებში გაზის მცირე მარაგები აქვს, თუმცა, დაგეგმილი იმპორტითა და საკუთარი გაზის წარმოების მაჩვენებლით, ისინი მიმდინარე გათბობის სეზონის გადატანას, რომელიც ჩვეულებრივ, ოქტომბრიდან აპრილამდე გრძელდება, მრეწველობისა და მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესების გარეშე შეძლებენ.