გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ბლოკის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელმაც გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ ევროპას შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობის გაძლიერება სჭირდება. ამასთან, მან ნატოს მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. ამის შესახებ მერცმა გერმანიის ტელევიზიით 23 თებერვალს, საღამოს განაცხადა, ციტირებს Politico.
მერცის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპა არ აინტერესებს და რუსეთს უახლოვდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტინენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თავდაცვის გაძლიერება.
„ჩემი აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ეტაპობრივად შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობას რეალურად მივაღწიოთ. არასდროს მიფიქრია, რომ სატელევიზიო გადაცემაში მსგავსი რამის თქმა მომიწევდა. მაგრამ გასულ კვირას [აშშ-ის პრეზიდენტ] დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია, რომ ამერიკელები, ყოველ შემთხვევაში ამერიკელების ეს ნაწილი, ეს ადმინისტრაცია, დიდწილად გულგრილია ევროპის ბედის მიმართ“, – განაცხადა გერმანიის მომავალმა კანცლერმა.
მერცმა, ნატოს მტკიცე მხარდამჭერმა, აღიარა, რომ ევროპელებს შესაძლოა, ალიანსის ჩასანაცვლებლად ახალი თავდაცვის სტრუქტურის შემუშავება მოუწიოთ.
„ძალიან მაინტერესებს, როგორ მივდივართ ნატოს სამიტისკენ ივნისის ბოლოს – კვლავ ვისაუბრებთ ნატოზე მისი ამჟამინდელი ფორმით, თუ ბევრად უფრო სწრაფად მოგვიწევს დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბება“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ იმედს იტოვებს, აშშ-ის კონგრესი და თეთრი სახლი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან არ გამორიცხავენ.
„არ ვარ დარწმუნებული, როგორი იქნება ამერიკის მთავრობის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით უახლოეს კვირებსა და თვეებში. ჩემი შთაბეჭდილება ბოლო დღეების განმავლობაში არის ის, რომ რუსეთი და ამერიკა ერთიანდებიან აქ, უკრაინის და, შესაბამისად, ევროპის ხელმძღვანელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის კონსერვატიულმა ბლოკმა 23 თებერვლის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, მერცი კი, სავარაუდოდ, გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება.