სამშვიდობო მოლაპარაკების ორიენტირი „სტამბოლის შეთანხმება“ იქნება – ტრამპის წარმომადგენელი

თეთრი სახლის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ძალიან ახლოს მივიდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან. „ამერიკის ხმის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ ვიტკოფი ირწმუნება, რომ შეთანხმება ორივე მხარის მიერ დათმობებს ითვალისწინებს.

სტივ ვიტკოფი

„ეს ის არის, რაც პრეზიდენტს საუკეთესოდ გამოსდის – ის აერთიანებს ხალხს. ის მათ აჩვენებს, რომ გზა მშვიდობამდე, ეს არის დათმობები და კონსენსუსის მიღწევა. და მე ვთვლი, რომ აქ ძალიან წარმატებულ შედეგს იხილავთ“, – ამბობს სტივ ვიტკოფი.

ტრამპის წარმომადგენლის განმარტებით, რუსულმა მხარემ მათ მიანიშნა, რომ „მზად არიან, შეწყვიტონ ეს“. მისივე სიტყვებით, მოლაპარაკებებში ორიენტირი „სტამბოლის შეთანხმება“ იქნება.

„ეს, ვიტყოდი, ძალიან დამაჯერებელი და არსებითი მოლაპარაკებები იყო სტამბოლის პროტოკოლის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ძალიან მივუახლოვდით იმას, რომ რაღაც ხელმოწერა გაკეთდეს და ვფიქრობ, რომ ამ ჩარჩოს გამოვიყენებთ, როგორც სახელმძღვანელოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებად“, – აცხადებს ვიტკოფი.

შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში, სტამბოლში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალების ცნობით, მოსკოვის მოთხოვნა იყო, უკრაინას უარი ეთქვა ყირიმზე და ასევე, NATO-ში გაწევრიანებასა და ბირთვული იარაღის შექმნაზე. ამას გარდა, რუსეთი მოითხოვდა მისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა და უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირებას.

ამასთან, როგორც UNIAN აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის საფუძველი მხოლოდ „სტამბლის შეთანხმებები“ შეიძლება ყოფილიყო.