უკრაინელ ხალხს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის ერთი დღეც კი არ უნდა აეტანა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იუწყება UNIAN.
„ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა, ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი ერთი მიზეზით დაიწყო – რუსეთის სურვილით, წაეშალა უკრაინის ისტორია და საკუთარი იმპერიის ტერიტორია გაეფართოებინა. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი შეტევა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ მიიღოს გრძელვადიან მშვიდობა, რომლის მიღწევა შეუძლებელია უკრაინელების გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ტრუდომ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინის დახმარება გაზარდონ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კიევი მიიღებს დამატებით 25 ერთეულ LAV III-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას და სხვა სახის იარაღს.
„ჩვენ მივაწვდით ორ ჯავშანსატანკო საბრძოლო დამხმარე მანქანას, რომლებზეც უკრაინული ჯარები გერმანიაში წვრთნებს მალე გაივლიან. ასევე მივაწვდით სანავიგაციო სისტემებს F-16 თვითმფრინავებისთვის. ისინი ორი თვის წინ გადაეცათ. ასევე უახლოეს თვეებში მივაწოდებთ F-16-ის ოთხ საავიაციო ტრენაჟორს. ამას ემატება მილიონობით საბრძოლო მასალა და პირველადი დახმარების ნაკრები. ჩვენ ასევე გავუგზავნით უკრაინას 5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პირველ ტრანშს, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“, – დასძინა ტრუდომ.