ბოლო პერიოდში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემას საქართველოს მთავრობა ხელოვნურს უწოდებს. აქ იგულისხმება ოპოზიციის და გარე ძალების არაერთი მცდელობა, რომ როგორმე საქართველო ომში გახვეულიყო. მთავრობა ამბობს, რომ ამისთვის ყველაფერი კეთდებოდა და ახლაც კეთდება, თუმცა ქვეყნის მტრების გეგმას ასრულება არ უწერია.
ბოლო პერიოდში იყო მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისი როგორმე ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდილიყო. ასევე იყო ბიზნესის გაფიცვაში აყოლიების მცდელობა, მოწოდებები გაფიცვისკენ და ა.შ. ამ ყველაფერის მიზანი კი, როგორც მთავრობაში ფიქრობენ, ხელოვნური ეკონომიკური კრიზისის შექმნა იყო, თუმცა პრემიერის განცხადებით, გეგმა ჩავარდა.
“ჩვენ ვხედავდით რომ გარკვეულ სუბიექტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის გეგმა ჰქონდათ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს გეგმა ჩავარდა, რადგან ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის პოზიციას იზიარებენ `ხალხის ძალაში”. როგორც დეპუტატმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, ეკონომიკური კრიზისის შექმნა ჯერ კიდევ ადრე უნდოდათ უკრაინის ომის დაწყებისთანავე.
“სრულიად ვეთანხმები იმას, რომ საქართველოში სურდათ ხელოვნური ეკონომიკური კრიზისის შექმნა. ეს საჭირო იყო, რადგან ეკონომიკური კრიზისი გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისსაც. ეკონომიკური პრობლემები დარჩათ ერთადერთ იარაღად, რადგან ტყუილი და დეზინფორმაცია, რომ საქართველოში გაყალბდა არჩევნები, დემოკრატიის უკუსვლაა, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება, ევროკავშირზე უარი თქვა ხელისუფლებამ და ა.შ.
ოპოზიციამ ვერ შექმნა პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე, გადავიდნენ გეგმბა “ბე”-ზე, რასაც ჰქვია საქართველოში ეკონომიკური პრობლემების გამოწვევა. სურდათ ამის საფუძველზე ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში და მოეხდინათ რევოლუცია. ეკონომიკური კრიზისის შექმნა მათ ჯერ კიდევ უკრაინის ომის დაწყებისთანავე უნდოდათ, როდესაც საქართველოს სანქციებზე მიერთებას ითხოვდნენ. ეს უკანასკნელი ავტომატურად გამოიწვევდა ეკონომიკურ კრიზისს. სანქციების შედეგად ევროკავშირი რა დღეშია და თქვენ წარმოიდგნინეთ, საქართველოს რა მოუვიდოდა, ქვეყანა ვერანაირად ვერ გაუძლებდა.
ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანოებისთვის ფინანსური ნაკადის შეჩერება და მხოლოდ “ენჯეოებისთვის” დატოვება, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მათი გეგმა.
მხოლოდ და მხოლოდ ძალიესმიერ არეულობას შეუძლია გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი, ამიტომ პრემიერის სიტყვებს სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები. ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მათი საბოლოო მიზანი არის კვლავ ხელისუფლების შეცვლა და სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ჯერ კიდვე აქვთ შანსი, რომ საქართველო ჩართონ ამ ომში. ამისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ სანამ `ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში, ეს არ გამოვა, ამიტომ სურთ ხელისუფლების მოშორება.
მათი ყველაზე დიდი მიტინგიც რომ ავიღოთ, ძალიან ცოტაა რევოლუციისა და სახელისუფლებო ცვლილებებისთვის. ამას სჭირდება მილიონი ადამიანი, ამიტომ მათ ძალიან რთული გეგმა აქვთ, რომელიც ასრულებას არ ექვემდებარება”, – განაცხადა ჩიბურდანიძემ “რეზონანსთან”.
ბოლო სამი წლის განმავლობაში უამრავი მცდელობა იყო იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი შელახულიყო, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ეკონომიკური საბოტაჟი უწოდა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ოპოზიციის და გარე ძალების მცდელობას.
“ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ოპოზიციას არ დაუმალავს, რომ მათი მიზანია კრიზისის შექმნა, როგორც პოლიტიკურის, ისე ეკონომიკურის. ამის შესახებ მათი განცხადებები არსებობს და რატომღაც ფიქრობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს, გაბრაზებული მოსახლეობა ან ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვა, ან არჩევნების დროს მთავრობის საწინააღმდეგოდ მისცმეს ხმას.
მთელი ეს პროცესი, შეფუთული ლოზუნგებით, არის ზუსტად ეკონომიკური საბოტაჟი და ქვეყანაში ცუდი განწყობა იქმნება. მასშტაბები არის საკამოდ მცირე, რომ ამან სერიოზული რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცუდ ფონს ქმნის. გარედანაც იყო ხელშემწყობი განცხადებები, რეზოლუციები ევროპარლამენტში, რომელზეც ვთლი, რომ დროულად დასაშლელიასანამ ევროკავშირს დაშლის ევროპარლამენტი, სჯობს, ევროკავშირმა დაშალოს ევროპარლამენტი, რადგან ეს არის ერთ-ერთი გაუმჭირვალე ორგანიზაცია, დაკავებული ლობიზმით.
გვახსოვს რეზოლუციები, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის გამოშვებით, დამთავრებული რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. როდესაც ევროპარლამენტი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რაც პრემიერმა თქვა. ეს არის კრიზისის გამოწვევის მცდელობა. ასეთი მოთხოვნები ორკესტრირებულად მიმდინარეობს, ერთი მხრივ, გარედან და, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნიდან.
ჩვენ რომ თუნდაც სიმბოლური სანქცია დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ამას მოჰყვებოდა სრული ეკონომიკური ემბარგო. სამი წელი ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, არამედ გვექნებოდა სრული ვარდნა. ეკონომისტების დასათვლელია, თუ რა ზარალს მიიღებდა ქვეყანა, რამდენი პროექტი ვერ განხორციელდებობდა, რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა და ა.შ. ძალიან ცუდი შედეგი დადგებოდა, რომ ამ ძალების მოთხოვნით, ჩვენ შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში”, – განუცხადა “რეზონანსს” სალუქვაძემ.
იგივეს ფიქრობს ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა და თან მიიჩნევს, რომ შიდა და გარე ძალებს სურთ, საქართველოში ეკონომიკური ვითარება გაუარესდეს, რათა ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილება გაიზარდოს. ამიტომაც მიდის შეტევა ლარზე, საბანკო სექტორზე, ცდილობენ მაგისტრალების გადაკეტვას, მოუწოდებენ გაფიცვისკენ…
“საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. 2020 წელს ქართული ეკონომიკა 49 მლრდ ლარს, ხოლო 2024 წელს 86 მლრდ ლარს შეადგენდა. 4 წელიწადში ეკონომიკა 75%-ით გაიზარდა. მართალია, ჯინის ინდექსი, ანუ მოსახლეობაზე ქვეყნის შემოსავლების სამართლიანი გადანაწილება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაგრამ ხალხის დიდმა ნაწილმა ასეთი განვითარებით სარგებელი მაინც მიიღო. მაგალითად: 2020 წელს აბსოლუტურ სიღარიბეში 21% ცხოვრობდა, 2024 წელს კი – 11%. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს აბსოლუტური სიღარიბე საქართველოში მოსახლეობის 2,3% იქნება. იზრდება საშუალო ფენის რაოდენობაც, ბიზნეს აქტივობა მაღალია. ბანკებში დეპოზიტების რაოდენობა 2020 წელს 34,6 მლრდ ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 60 მლრდ ლარზე ავიდა.
ასეთი ეკონომიკური ბუმის ფონზე სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა რთულია. სწორედ ამიტომაც იყო მცდელობა, რომ საქართველოს განვითარება შეეფერხებინათ. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,5% შეადგინა, საპროტესტო აქციების გამო კი დაახლოებით 1% დაიკარგა – ეს კი 0.9 მლრდ ლარს შეადგენს.
მარნეულსა და გარდაბანში უცხო ძალების სადაზვერვო აქტივობის გამო უკვე 3 წელია დაკეტილია აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი. ამის გამო აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ვიზიტორი დავკარგეთ, ანუ 3 წლის განმავლობაში მილიონი აზერბიჯანელი ტურისტი თუ ვიზიტორი ვერ ჩამოვიდა. დაახლოებით 2 მლრდ ლარის შემოსავალი დაიკარგა. პრემიერი აზერბაიჯანულ მხარეს შეუთანხმდა და, სავარაუდოდ, მატარებლის მიმოსვლა აზერბაიჯანთან მაისიდან აღდგება.
ასეთი ეკონომიკური რყევები იმ გარე ძალების დაკვეთაა, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ხელისუფლება დაამხონ და თავისი მარიონეტებით ჩაანაცვლონ. ანუდათ ხელისუფლების სათავეში ის ხალხი მოიყვანონ, რომლებიც ქვეყანას მიმდინარე ომში ჩაბამენ, როგორც ეს 2004 და 2008 წელს სააკაშვილმა დავალებით გააკეთა.
ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაციის მონდომების მიუხედავად, ლიბერალ-გლობალისტური ევროპა ომის გაგრძელებას და ესკალაციას ყველა ღონით ცდილობს. ამ ძალებს სურთ, საქართველოში ეკონომიკური ვითარება გაუარესდეს, რათა ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილება გაიზარდოს. ამიტომაც მიდის შეტევა ლარზე, საბანკო სექტორზე, ცდილობენ მაგისტრალების გადაკეტვას, მოუწოდებენ გაფიცვისკენ… არაფერი არ გამოუვდათ და არც გამოუვათ. ქართველი ხალხი არ აჰყვა უცხოეთიდან მართულ და დაფინანსებულ პროვოკატორებს, იგივე მეხუთე კოლონას.
ჩვენ დაგვინერგეს ყალბი ორიენტირები და ამ ყალბი მიზნებით ცდილობენ მანიპულირებას. ევროკავშირის და ნატოს წევრობა ერთ-ერთი ასეთი ყალბი ორიენტირია. არასდროს აპირებდნენ ჩვენს მიღებას ევროკავშირში და ნატოში, ეს სატყუარა იყო იმისთვის, რომ გაგვაკეთებინონ ის, რაც მათ ინტერესებში შედის. ეს კი არის რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში საქართველოს გამოყენება.
ლიბერალ-გლობალისტების აფერა საქართველოში ივანიშვილმა დაასრულა. გაცილებით მეტი სუვერენიტეტი მოვიპოვეთ ახლა, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ გვქონდა”, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ “რეზონანსთან” საუბრისას.