საფრანგეთის პოლიციამ მარსელში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მომხდარი აფეთქების საქმეზე, უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დასრულების შემდეგ, ორი პირი დააკავა

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქალაქ მარსელში რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ფოტო: Getty Images

მედიის ცნობით, დაკავებულები არიან 48 და 59 წლის მამაკაცები. ერთ-ერთ მათგანს ბრალად რუსეთის გენერალურ საკონსულოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალების ჩაგდება ედება. მამაკაცები მარსელში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დასრულების შემდეგ დააკავეს.

ცნობისთვის, გუშინ მარსელში რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ეჭვმიტანილებმა საკონსულოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალებები ისროლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.